ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე რუმინეთში "ოლიმპია კლუჟთან" (1:0) გამარჯვების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. გურული კლუბის სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოქვეყნდა და გუშინელი მატჩის შესახებაა საუბარი. გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდში დგომას ხაზი გაუსვეს.
უფ, ეს რა იყო! საფინალო სასტვენი, მასპინძელთა გაოცებული სახეები და ჩვენი გოგონების სიხარულის ცრემლები - ასეთი იყო 2020 წლის 19 ნოემბრის ისტორიული მატჩის ფინალი რუმინეთის ქალაქ კლუჟში, ამ მოვლენის მნიშვნელობა შეიძლება ბოლომდე ვერც კი გავათვითცნობიერეთ, მაგრამ ერთი რამ იყო ძალიან ცხადი - შევძელით გაგვეხარებინა ჩვენი ქვეყანა, რომლისთვისაც ყოველ ასეთ წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველას ძალიან დიდი მადლობა იმ თბილი სიტყვებისთვის, მოლოცვებისთვის, გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს პატარა ლანჩხუთს, სადაც დიდი და პატარა ამ მატჩის მოლოდინით ცხოვრობდა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation მხარდაჭერა - მათი ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრში შეკრების გავლა და ასევე მატჩთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. თუმცა მთავარი სიურპრიზი წინ იყო - მატჩის შემდეგ ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი მხოლოდ მოლოცვით არ შემოიფარგლა და გუნდს გააცნო ფედერაციის გადაწყვეტილება ფეხბურთელებისთვის საბონუსე ფონდის 25,000 ლარის ოდენობით, ხოლო კლუბის შემდგომი განვითარებისთვის 20,000 ლარის გამოყოფის შესახებ! დიდი მადლობა Levan Kobiashvili ს და დავით მუჯირს.
ვთვლით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს შესაძლებლობის მაქსიმუმს, უფრო მეტ მხარდაჭერას ვისურვებდით ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომ საერთო ძალისხმევით კლუბს შეექმნას სათანადო ყოფითი და ფინანსური პირობები, ევროპის საუკეთესო 32 გუნდში შესული კლუბი ამას ნამდვილად იმსახურებს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ყველა გულშემატკივარს!", - წერია "ლანჩხუთის" ფეისბუქში.
შეგახსენებთ, "ლანჩხუთი" პირველი ქართული გუნდია, რომელმაც ქალთა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა. 1/16 ფინალური ეტაპი ორმატჩიანი იქნება და თამაშები 8-9 და 15-16 დეკემბერს გაიმართება. "ლანჩხუთის" მეტოქე 24 ნოემბერს, წილისყრის შემდეგ გაირკვევა.