ძიუდო

21:02 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო - სამი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს დელეგაციისთვის მეორე საშეჯიბრო დღე ძალზე წარმატებული გამოდგა. ორ წონით კატეგორიაში ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და სამივემ მედლის მოპოვება შეძლო. ტატო გრიგალაშვილი ოქროს, ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლს, ხოლო ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში გერმანელი ანტონი ზინგი დაამარცხა, რასაც პოტუგალიელ ჟოაო ფერნანდოსთან და მისთვის უხერხულ მეტოქესთან, აზერბაიჯანელ რუსტემ ორუჯოვთან გამარჯვება მიაყოლა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალის საზგურისთვის ლაშა იტალიელ ფაბიო ბაზილეს გაეჯიბრა და 56 წამში იპონით დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში მოლდოველ ვიქტორ სტერპუს დაუპირისპირდა და მასთან გამკლავება ვერ მოახერხა, შედეგად, ვერცხლის მედალს დასჯერდა.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ტრიუმფალურად იასპარეზა - პირველ წრეში იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა, რასაც ბერძენ თეოდოროს დემუტრიდისთან გამარჯვება მოჰყვა. მეოთხედფინალში ქართული დაპირისპირება შედგა და გრიგალაშვილი ლუკა მაისურაძეს შეხვდა, სადაც გამარჯვება გრიგალაშვილს დარჩა და ნახევარფინალში გავიდა. ტატომ ნახევარფინალურ სტადიაზე ბელგიელ მატიას კასეს სძლია, ხოლო ფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ძალიან ადვილად 45 წამში იპონით დაამარცხა და 20 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!

ამავე წონაში ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან საწყის ორ წრეში მოლდოველი ნიკონ ზაბოროსჩიუსი და შემდეგ უკრაინელი არტემ ბუბირი დაამარცხა, გრიგალაშვილთან კი, როგორც გითხარით წააგო. მაისურაძემ რეპეშაჟში გადაინაცვლა და პირველი ბრძოლა აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან მოიგო, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტს იოლად გაუმკლავდა.

ამრიგად, საქართველოს დელეგაციის მონაგარი თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გავლენ.

0.123055