ორიოდ დღის წინათ, ფინელებთან ამხანაგურ მატჩში დამარცხების შემდეგ (0:2), ამჯერად ფრანგებმა შესანიშნავად ითამაშეს. ისე, როგორც მსოფლიო ჩემპიონებს შეეფერებათ. გოლიც ლოგიკური იყო და სამი ქულაც. თან, მთავარი შემტევი, კილიან მბაპე არ ჰყავდათ.
გოლი კი ნგოლო კანტემ გაიტანა 54 წუთზე.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონ და ერთა ლიგის პირველ გამარჯვებულ პორტუგალიის ნაკრებს, მასპინძლებს ცუდად არ უთამაშიათ, მეორე ტაიმში კრიშტიანუ რონალდუც გააქტიურდა, მაგრამ საბოლოოდ, კლასით უფრო მაღლა მდგომ ფრანგებთან არაფერი გამოუვიდათ. სხვათა შორის, პორტუგალიელები 1946 წლის შემდეგ ვერ ახერხებენ ფრანგების შინ დამარცხებას.
ამავე ჯგუფში შვედებმა მიჯრით ოთხი წაგების შემდეგ პირველად გაიმარჯვეს. მათ ხორვატები 2:1 დაამარცხეს. ჩინეთში მოთამაშე მარკუს დანიელსონმა ჯერ მეტოქეს გაუტანა, მატჩის მიწურულს კი ავტოგოლიც მიითვალა.
მესამე ჯგუფში საფრანგეთის ნაკრები 13 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფმა პორტუგალიელებმა კი 10 ქულა მოაგროვეს.
აი, მეოთხე ჯგუფში კი ბოლო ტურის წინ ვითარება ერთობ დაიძაბა.
გერმანელები ლაიპციგში უკრაინას მასპინძლობდნენ და თავიდან აგებდნენ, მაგრამ მაინც მოახერხეს გამარჯვება. დუბლი მიითვალა ჩელსელმა ტიმო ვერნერმა.
დიდი ამბები მოხდა ბაზელში, სადაც შვეიცარია ესპანეთს დაუხვდა. თამაში 1:1 დამთავრდა. მთავარი ფიგურა კი სტუმართა კაპიტანი სერხიო რამოსი გახლდათ. მან 177-ე შეხვედრა ჩაატარა „ფურია როხას“ მაისურით და ევროპის რეკორდსმენი გახდა ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით. მანამდე ეს მიღწევა „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს ეკუთვნოდა (176 მატჩი).
მაგრამ ეს რეკორდული საღამო უხეირო გამოდგა „რეალის“ კაპიტნისთვის - მან ორი პენალტი გააცუდა...
ბოლო ტურის წინ 9 ქულიანი გერმანია პირველ ადგილზეა. ერთი ქულით ნაკლები აქვს ესპანეთს. და მთავარი ინტრიგა: 17 ნოემბერს ესპანეთი სწორედ გერმანელებს უმასპინძლებს.
ერთა A ლიგა. 5 ტური. 14 ნოემბერი
3 ჯგუფი
პორტუგალია - საფრანგეთი 0:1
0:1 კანტე (54)
შვედეთი - ხორვატია 2:1
1:0 კულუსევსკი (36), 2:0 დანიელსონი (45+2), 2:1 დანიელსონი (82 საკ. კარში)
4 ჯგუფი
გერმანია - უკრაინა 3:1
0:1 იარემჩუკი (12), 1:1 სანე (23), 2:1, 3:1 ვერნერი (33, 64)
შვეიცარია - ესპანეთი 1:1
1:0 ფროილერი (26), 1:1 მორენო (89)
57-ე და მე-80 წუთებზე რამოსმა ვერ გაიტანა პენალტები
გაძევება: ელვესი (79)