კალათბურთი

17:13 | 7.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმმა კაკტუსი ბოლო წამებზე – 79:77 დაამარცხა

სუპერლიგის მეოთხე ტურის მატჩში “კაკტუსმა” “ბათუმს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 77:79 დამარცხდა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე, რომ იტყვიან, ერთი სროლით გადაწყდა. შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე სანდრო სანაძეს სამქულიანი რომ ჩაეგდო, “კაკტუსი” ქულით გალიდერდებოდა და დიდი ალბათობით, გაიმარჯვებდა კიდეც, თუმცა კაკტუსელთა კაპიტნის საკვანძო სროლა მიზანს ასცდა, ბურთი ბათუმელებმა მოხსნეს და…

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინრეობდა. თავიდან “ბათუმი” იგებდა, თუმცა არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა მოახერხეს სწრაფი თამაშითა და მწყობრი დაცვით ვითარების გამოსწორება. 9-ქულიანი ჩამორჩენა ხომ გააბათილეს და მეორე პერიოდის შუაწელში კაკტუსელები თავად 11 ქულით დაწინაურდნენ.

ბათუმელთა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა წუთშესვენებით მეტოქეს ტემპი დაუგდო, დაცვა გაამაგრა და შეტევაში პოზიციური გადაადგილებები მოახდინა. მსროლელებმა პერიმეტრზე აიწიეს და სამწამიანში ასპარეზი ტანმაღალ ნიკოლა ვუიოვიჩსა და ბექა ბექაურს გამოუთავისუფლეს. ამან გაამართლა, ანგარიში გათანაბრდა და ბოლო წუთებამდე შეხვედრა დაახლოებით თანაბარ კალაპოტში ჩადგა. ძირითადად ბათუმელები ლიდერობდნენ, თუმცა “კაკტუსი” არ რჩებოდა და ამერიკელი ლეგიონერების – ეი ჯეი სამბრისა და სამაი ჰეინს-ჯონსის შედეგიანობით ბოლოსწინა წუთზე დაწინაურდა კიდეც – 77:74.

ბათუმელებმა სწრაფი კომბინაციით პერიმეტრზე მარტო დატოვეს ტანმაღალი ბექა ბექაური, რომელმაც ზუსტი სამქულიანით მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა – 77:77. სწორედ დარჩენილ 1 წუთში გადაწყდა ყველაფერი. კაკტუსელებმა ჯერ ბურთი დაკარგეს და ვუიოვიჩის 1 საჯარიმო მიიღეს, შემდეგ კი ლევან რევაზაშვილმა ჩატენვა გააცუდა და ისევ ვუიოვიჩი დადგა საჯარიმოს ხაზზე, რომელმაც კვლავ 2-დან 1 ჩააგდო და ანგარიში ბათუმელთა სასარგებლო – 79:77 გახადა. სწორედ აქ გათამაშდა ის საკვანძო სცენა, რაც თავში ვახსენეთ: სანაძემ პოტენციურად გამარჯვების ბურთი ააცილა და შეხვედრის ბედიც გადაწყდა. აცილებული ბათუმელებმა მოხსნეს და კაკტუსელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, თუმცა პირველი გაცუდების შემდეგ, ნემანია კაპეტნოვიჩმა მეორე საჯარიმოც, ამჯერად განზრახ ააცილა და თავის ფართან ბურთით დარჩენილ კაკტუსელებს 3 წამში მეტოქის ფარის დალაშქვრის არანაირი შანსი აღარ შერჩათ. ჰეინს-ჯონსის განწირულმა შორმა სროლამ ბათუმელთა კალათამდე ვერც მიაღწია.

გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი პეტარ არანიოვიჩი გახლდათ 21 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით. 21 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა ბექა ბექაურს, ხოლო ნიკოლა ვუიოვიჩის ანგარიშზე 15 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. კაკტუსში 26 ქულით ჰეინს-ჯონსი გამოირჩა, ეი ჯეი სამბრის ანგარიშზე კი 20 ქულა და 7 მოხსნა იყო.

დღეს ოლიმპიურ სასახლეში მეორე მატჩში “ვერა” “დინამოს” (LIVE) დაუპირისპირდება.

gbf.ge

0.114516