ფეხბურთი

11:07 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ეს წაგება გაკვეთილი იქნება"

„მილანმა“ წაუგებელ სერიას წერტილი დაუსვა. იტალიური კლუბი ევროპა ლიგის მესამე ტურში შინ ფრანგულ „ლილთან“ 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

„ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, ჩვენი ცხოვრება გავართულეთ. მატჩი ცუდად არ დაგვიწყია, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ისეთი სახიფათონი ვყოფილიყავით, როგორც თავიდან ვფიქრობდი.

დიდი ხნის შემდეგ ამჯერად ანალიზი ნეგატიურ ასპექტებს უფრო მეტად უნდა გავუკეთოთ, ვიდრე პოზიტიურს. მეტოქის შეუფასებლობა? არა, ასეთი არაფერი ყოფილა, უბრალოდ შეცდომები დავუშვით, მაგრამ ეს ხდება. წარსულშიც დაგვიშვია შეცდომები და ამ თამაშიდან ვისწავლით.

არ ვიცი იბრაჰიმოვიჩმა რა თქვა მოედნიდან გასვლისას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის არ იყო კმაყოფილი გუნდისა და მისი თამაშით. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ვეცდებით, ეს წაგება გაკვეთილად გამოვიყენოთ და გავიზარდოთ“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „მილანის“ წაუგებელი სერია ზუსტად 8 თვე, 242 დღე და 24 მატჩი გრძელდებოდა.

0.119039