საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ უმაყურებლოდ გაიმართება. ეს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გაავრცელა, რომლის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება არ იძლევა საშუალებას, რომ ხალხი, თუნდაც ნაწილობრივ თამაშზე დაუშვან.
„პოლიტიკური პროცესი თითოეული ჩვენგანის საკონსტიტუციო უფლებაა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი ყველაზე დიდი პრივილეგიაა, რომელიც ქვეყნის მოქალაქეს აქვს. ამიტომ, საარჩევნო თუ პოლიტიკური პროცესი ნამდვილად განცალკევებულად და მაღალ დონეზე დგას, მისი შედარება რაიმე თამაშთან ან ძალიან კარგ აქტივობასთან სამწუხაროდ არ არის შესაძლებელი. ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკური პროცესების შეზღუდვა, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ფეხბურთზე ან კულტურულ ღონისძიებებზე, ეს არის ის, რისი შეზღუდვაც შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მძიმე ფონი გვაქვს.
უეფას ლიმიტი განსაზღვრულია კონკრეტული ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით და სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ამ თამაშის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევს. მოდით ყველამ ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და სახლიდან „ვუბალეშჩიკოთ“ და დარწმუნებული ვარ, ამით უარესად არ ითამაშებენ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ბელარუსსაც უმაყურებლოდ უმასპინძლა, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო უეფას 30%-იანი ლიმიტით ესარგებლა...
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა შეხვედრა 12 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.