ფეხბურთი

1:49 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" სერია შეწყდა, ზლატანის - გრძელდება

იტალიის სერია A-ში „მილანის“ მოგებათა სერია შეწყდა, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლების სერია გრძელდება. მეხუთე ტური მთავარი დაპირისპირებით დასრულდა, რომელშიც „როსონერიმ“ „რომას“ უმასპინძლა.

სტეფანო პიოლის გუნდი მეორე წუთზე უკვე იგებდა. რაფაელ ლეაოს ფანტასტიკური პასის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა. თუმცა, „რომამ“ სწრაფად გაათანაბრა, თავი ედინ ჯეკომ გამოიჩინა და ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ნახევარი ისევ „მილანის“ უპირატესობით დაიწყო, რაც გოლშიც უმალვე აისახა. თავი ბელგიელმა ნახევარმცველმა სელმაკერსმა გამოიჩინა. „რომამ“ 71-ე წუთზე მეორედ გაათანაბრა. მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა მასპინძელთა კარში, რომელიც ჯორდან ვერეტუმ ზუსტად შეასრულა. 8 წუთში პენალტის დარტყმის უფლება უკვე „მილანმა“ მიიღო. ვერ ვიტყვით, რომ თერთმეტმეტრიანი ამ შემთხვევაშიც ცხადი და უტყუარი იყო. პენალტი ზლატანმა შეასრულა და „მილანი“ მესამედ დაწინაურდა. შვედმა ამ სეზონში სერია A-ში მესამე თამაში ჩაატარა და მესამედ შეასრულა დუბლი - ფანტასტიკური შედეგია.

„რომამ“ მაინც არ წააგო, რადგან ალბანელმა მცველმა კუმბულამ გაიტანა და 3:3. „მილანმა“ მიმდინარე სეზონში პირველად ვერ მოიგო, მაგრამ ლიდერობა შეინარჩუნა. ლომბარდიულ გრანდს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.

„მილანი“ – „რომა“ 3:3 (1:1)

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (2), 1:1 ჯეკო (14), 2:1 სელმაკერსი (47), 2:2 ვერეტუ (71, პენ), 3:2 იბრაჰიმოვიჩი (79, პენ), 3:3 კუმბულა (84)

0.122974