ფეხბურთი

10:22 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბარსელონამ" ოთხ ფეხბურთელს კონტრაქტები გაუხანგრძლივა

კატალონიის „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული სტარტი და „ფერენცვაროშთან“ გამარჯვება (5:1) ერთბაშად ოთხ ფეხბურთელთან კონტრაქტის განახლებით დააგვირგვინა.

როგორც ესპანური გრანდის ვებგვერდი იტყობინება, ჟერარ პიკემ, კლემენ ლენგლემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა და ფრენკი დე იონგმა კლუბთან ახალი კონტრაქტები გააფორმეს.

პიკე „ბარსელონას“ ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს. ესპანელი მცველი „ბლაუგრანას“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2008 წლიდან მოყოლებული თამაშობს (548 მატჩი, 47 გოლი). კლემენ ლენგლემ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგძლივა, ის „ბარსაში“ 2018 წელს გამოჩნდა და დღემდე 89 თამაშში თავი ექვსჯერ გამოიჩინა.

ასევე 2026 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი ფრენკი დე იონგმა, რომელიც „ბარსელონაში“ მეორე სეზონს ატარებს (47 თამაში, 2 გოლი), ხოლო ტერ შტეგენი „კამპ ნოუზე“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. გერმანელი კატალონელთა ღირსებას 2014 წლიდან იცავს და 236 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.158773