ევროლიგის მეოთხე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ბერლინის „ალბას“ უმასპინძლა და მოულოდნელი მარცხი განიცადა. რუსულ გუნდს ძალიან გაუჭირდა, ტაიმი 4 ქულით მოიგო, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ სადავეები ხელიდან გაუშვა და 88:93 დამარცხდა.
ჯერჯერობით სეზონის სტარტიდან გამომდინარე თორნიკე შენგელია ისეთი ეფექტური ნამდვილად არაა, როგორც „ბასკონიაში“ იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 28 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
შენგელიამ 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა.
მოსკოვის ცსკა-ს ოთხი ტურის თავზე 2 მოგების წილ 2 წაგება აქვს და მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 ოქტომბერს, ბელგრადში, „ცრვენა ზვეზდას“ ესტუმრება.