საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის საგზურის პრაქტიკულად გაფორმების შანსი ხელიდან დასანანად გაუშვა. პენალტი ალბათ ვთანხმდებით, რომ არ იყო, მაგრამ ფაქტია, დაინიშნა და 2 ქულა სკოპიეში დარჩა. არადა, გამარჯვება ვლადიმირ ვაისის გუნდს პირველ ადგილს თითქმის უნაღდებდა. შანსი ახლაც არის და საკმაოდ დიდი, მაგრამ რა იქნება ნოემბერში არავინ იცის, მითუფრო, რომ მანამდე ევრო 2020-ის პლეი-ოფია და ამ თამაშის შედეგმა შესაძლოა ერთა ლიგის დანარჩენ ორ მატჩზე დიდი გავლენა მოახდინოს (მენტალურად).
ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ალიოსკიმ უპასუხა და ფრე 1:1. შეიძლებოდა ბოლო ორ ტურში 6 ქულის მოპოვება, მაგრამ მხოლოდ 2 მოვიპოვეთ, რაც ძალიან დასანანია. WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს გუშინდელი მატჩიდან.
გიორგი ლორია 6 - საქართველოს ნაკრებს ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას არყოფნაში ლორიამ უკაპიტნა. მას ბევრი საქმე არ ჰქონია, ერთხელ შორეული დარტყმა მოიგერია და რამდენჯერმე გამოსვლაზე კარგად ითამაშა. ცხადია, პენალტის დროს ვერაფერ მოიმოქმედებდა.
ჯაბა ჯიღაური 6.5 - შეიძლება ითქვას, ოთარ კაკაბაძე დამაკმაყოფილებლად შეცვალა. მართალია, ალიოსკი მის ფლანგზე ძალიან აქტიური იყო, მაგრამ დაცვაში კარგად იდგა და მაქსიმუმის ზღვარზე ითამაშა. ნუ დავივიწყებთ, რომ ჯაბა განაპირა მცველი არაა და ამ პოზიციაზე მხოლოდ ნაკრებში უწევს თამაში.
სოლომონ კვირკველია 6.5 -გურამ კაშიას არყოფნაში დაცვის ხაზის ლიდერობა მას უნდა ეტვირთა და იტვირთა კიდეც. შეცდომა პრაქტიკულად არ ჰქონია და „უდინეზეს“ ფორვარდი ილია ნესტოროვსკი თამაშიდან გამოთიშა.
ჯიმი ტაბიძე 7 - კიდევ უფრო კარგად გამოიყურებოდა „უფას“ მცველი. საერთოდ, ტაბიძე უკვე მერამდენედ ამტკიცებს, რომ საიმედოა. მისი სახით საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ჰყავს კარგი მცველი, რომლის იმედი ნამდვილად შეიძლება გვქონდეს.
ლაშა დვალი 6.5 - მისთვის არც ისე ჩვეულ პოზიციაზე იყო და კარგად ითამაშა. მართალია, შეტევებში ვერ ერთვებოდა, მაგრამ დაცვაში იდეალურად ირჯებოდა. მარჯვენა ფლანგიდან მაკედონიელთა იერიშები სახიფათი პრაქტიკულად არ ყოფილა.
გიორგი ნავალოვსკი შ.გ - მხოლოდ 4 წუთი ითამაშა. გამოვიდა, საჰაერო ორთაბრძოლა წააგო საჯარიმოს მისადგომებთან, რაც ჩვენს კარში პენალტით დასრულდა. გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ვაისმა ბოლო 4 წუთში ტანმაღალი დვალის გიორგით ჩანაცვლება. ყოველშემთხვევაში დვალი იმ საბედისწერო საჰაერო ორთაბრძოლას ნამდვილად არ წააგებდა...
ნიკა კვეკვესკირი 7 - ჯაბა კანკავას დანაკლისის შემდეგ მოედნის ცენტრში ნიკამ აიღო საკუთარ თავზე ლიდერობა. მართლაც კარგად ითამაშა, რაც მთავარია საქართველოს ნაკრებისთვის ორივე საკვანძო ეპიზოდი მისგან დაიბადა - საბა ლობჟანიძეზე პასი, რაც მეკარის გაძევებით დასრულდა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლში საგოლე პასი მისია. მართალია, აქ რთულია პასის ავტორის გამორჩევა, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ პასის მიცემა სხვა მიმართულებითაც შეეძლო. გოლამდეც ნიკა კაჭარავასთან შესანიშნავი კედელი გაითამაშა.
მურთაზ დაუშვილი 6 - დაუშვილმა ჯაბა კანკავა შეცვალა და რასაც ვერ დავუკარგავთ, ბრძოლისუნარიანობაა. მას მოედნის ერთი მცირე მონაკვეთიც არ დაუთმია ადვილად, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა ყველა ბურთზე თამაშს ცდილობდა. ორჯერ მეტოქის კარსაც ემუქრებოდა, მაგრამ ორჯერვე ცუდი დარტყმა გამოუვიდა. შემოქმედებითი მხარე მისი პლუსი არაა.
ხვიჩა კვარაცხელია 7.5 - ფენომენალური გოლი გაიტანა! მეოთხე მატჩი ნაკრებში და პირველი გოლი. მოედანზე სულ 4 წუთის შესული იყო და საყვარელ მარცხენა ფლანგზე დადგა, შედეგმაც არ დააყოვნა. მერე ორჯერ ძალიან მაგარი პასები გააკეთა, პოტენციური საგოლე პასები, მაგრამ არ დაუფასდა.
ოთარ კიტეიშვილი შ.გ - სამწუხაროდ, ეს თამაში მისთვის უიღბლო გამოდგა და მე-4 წუთზე ტრავმა მიიღო.
საბა ლობჟანიძე 6 - მან შანსი მიიღო და ოთარ კიტეიშვილის ტრავმის შემდეგ ვაისი მას ენდო და არა ლევან შენგელიას. „ანკარაგიუჯუს“ შემტევს თამაშში ჩართვა გაუჭირდა, პირველი ტაიმი ძალიან სუსტად ჩაატარა. მეორე ტაიმის სტარტზე შესანიშნავი გარღვევა ჰქონდა და მცირედი დააკლდა საგოლე პასამდე. შემდეგ მისი აქტიურობით მეკარც გააძევეს. თუმცა, საბას მეტი შეუძლია.
ვაკო გვილია 5 - საქართველოს ნაკრებში ალბათ მთავარი სუსტი წერტილი იყო, გამთამაშებლად დაიწყო და ბოლო 20 წუთი საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა. ძალიან ბევრი წუნი ჰქონდა პასების დროს და არამარტო. საქართველოს ნაკრებში ასეთი ცუდი თამაში ალბათ არ ჩაუტარებია. იმედია, ნოემბრის მატჩებს უკეთეს ფორმაში შეხვდება და „ლეგიაში“ სათამაშო პრაქტიკას ისევ დაიბრუნებს.
ვაკო ყაზაიშვილი 5.5 - სომხეთთან მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად ცუდად ითამაშა. პირველი ტაიმი საერთოდ არ გამოსულა ჩრდილიდან, ვერც მეორე ტაიმში ივარგა. ერთი კარგი მომენტი ჰქონდა და თამაშის დახურვა შეეძლო, მაგრამ მეკარემ აჯობა. ისე, იმავე ეპიზოდში ლობჟანიძე იდეალურად ეხსნებოდა, მაგრამ...
მამუკა კობახიძე შ.გ - მოედანზე მისი გამოსვლა უიღბლო გამოდგა, რა თქმა უნდა, შესაფასებლად ის დრო, რაც ითამაშა არ გამოდგება.
გიორგი ქვილითაია 5.5 - ნახევარდაცვას მოწყვეტილი იყო. ბევრი იბრძოლა, მაგრამ ამაოდ, შედეგი არ მოუტანია. ფორმაში არ არის.
ნიკა კაჭარავა 6 - თამაშში კარგად ჩაერთო და გამოჩნდა, რომ ახლა უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ქვილითაია. მოედანზე გამოსვლიდან მალევე ძელს გაარტყა, შემდეგ გაიტანა, მაგრამ თამაშგარეში იყო, ისე ბურთს რომ არ შეხებოდა, ვინ იცის რა მოხდებოდა, იქვე კვარაცხელია იდგა. მერეც ჰქონდა კარგი მომენტი, მაგრამ მეკარემ არ დაანება გატანა, თორემ თამაშის ინტრიგას კლავდა.