საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი ქვილითაია ახლდა, რომელმაც ხვალინდელ თამაშზე კომენტარი გააკეთა.
ქვილითაიას განცხადებით, რთული თამაში იქნება, მაგრამ მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა და შესაბამისად სკოპიეში 3 ქულისთვის იმყოფებიან.
"რთული თამაში იქნება, ისევე, როგორც თბილისში. თუმცა, მზად ვართ გამარჯვების მოსაპოვებლად, რადგან პირველ ადგილზე გასვლა ჩვენი მიზანია. ევრო 2020? საქართველოში ზეწოლა დიდია. ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გასვლას 30 წელია ელოდება და დიდი გამოწვევაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ“, - აღნიშნა ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, ჯგუფს სამი ტურის თავზე საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია 5-5 ქულით ლიდერობენ. ამრიგად, ამ გუნდების დაპირისპირება პრაქტიკულად გარკვევს ვინ გავა ჯგუფში პირველ ადგილზე და B დივიზიონში გადაინაცვლებს. ეს შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში 1:1 დასრულდა საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ერთმანეთს 12 ნოემბერსაც შეხვდებიან, ამჯერად ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში.