ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანმა გორან პანდევმა ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ვეტერანი შემტევის განცხადებით, გამარჯვებისთვის მზად არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჯოჯოხეთურ რიტმში უწევთ თამაში.
„რა თქმა უნდა, ვინც აქ ვართ, მაქსიმალურად დავიხარჯებით. ეს უკვე მესამე მატჩია და ვიცით, რამდენი ენერგია დაგვჭირდა კოსოვოსთან, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. ამის მიუხედავად, მზად ვართ ხვალ მოედანზე გასასვლელად და გამარჯვების მოსაპოვებლად. ყველა ფეხბურთელი, ვინც გუნდშია სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძვის.
ეს არის ჯოჯოხეთური რიტმი და შეუძლებელია ყველა თამაშის მოგება, ასეთია ფეხბურთი. ჩვენი მიზანია ხვალ მოვიგოთ და პირველ პოზიციას ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ. საქართველოს ნაკრები ჩვენი დაბრკოლება არამხოლოდ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში, არამედ ერთა ლიგაშიცაა. ის ჩვენი მთავარი კონკურენტია პირველი ადგილისთვის ბრძოლაში. ყველა მატჩში 100%-ით ვიხარჯებით და მოედანზე მოსაგებად გავდივართ, მაგრამ მოწინააღმდეგეც გვყავს, ეს არის ფეხბურთი და ყოველთვის ვერ მოიგებ. ვფიქრობ, ხვალ თუ გავიმარჯვებთ, ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ", - თქვა პანდევმა.
შეგახსენებთ, ჯგუფს სამი ტურის თავზე საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია 5-5 ქულით ლიდერობენ. ამრიგად, ამ გუნდების დაპირისპირება პრაქტიკულად გარკვევს ვინ გავა ჯგუფში პირველ ადგილზე და B დივიზიონში გადაინაცვლებს. ეს შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში 1:1 დასრულდა საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ერთმანეთს 12 ნოემბერსაც შეხვდებიან, ამჯერად ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში.