გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარიო გიოტცე პსვ ეინდჰოვენში გადავიდა. 28 წლის ფეხბურთელი ნიდერლანდური ფეხბურთის გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ამ ზაფხულს ბევრი წინადადება მქონდა, განსხვავებული გამოწვევა მივიღე და დარწმუნებული ვარ, აქ თავს ძალიან კომფორტულად ვიგრძნობ“, - თქვა გერმანელმა.
მარიო გიოტცე ბოლოს „დორტმუნდში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი ზაფხულში ამოწურა და კლუბი დატოვა. მარიომ „ყვითლებში“ 2009-2013 და 2016-2020 წლებში 219 თამაში ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა. 2013-2016 წლებში კი მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა, სადაც 114 თამაშში თავი 36-ჯერ გამოიჩინა.
გიოტცემ 2010-2017 წლებში გერმანიის ნაკრებში 63-ჯერ ითამაშა და 17 გოლი გაიტანა, მათ შორისაა 2014 წლის მუნდიალის ფინალში გადამწყვეტი გოლი არგენტინასთან, რამაც გერმანიას ისტორიაში მეოთხედ მოუტანა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.