ჟოზე მოურინიო ალბათ გუშინ დედამიწაზე ყველაზე ამაყი ადამიანი იყო. ზოგადად, პორტუგალიელი სიამაყის გრძნობას არც ისე უჩივის, მაგრამ „მანჩესტერ იუნიატედის“ დამცირება „ოლდ ტრაფორდზე“ მაინც სხვა განწყობაზე დააყენებდა.
„ტოტენჰემმა“ „მანჩესტერი“ დედამიწის პირისაგან აღგავა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე წუთზე გოლი გაუშვა და აგებდა. ეს არ ყოფილა პრობლემა, „მამლებმა“ პირველივე ტაიმში ყველა კითხვის ნიშანი გააქრეს, 4:1 მოიგეს და უპირატესობას მეორე ტაიმში გამანადგურებელი სახე მისცეს.
საერთოდ, „ტოტენჰემი“ ბრწყინვალე ფორმაშია, სამი დღის წინ ხომ ევროპა ლიგაზე „მაკაბის“ 7 გოლი გაუტანა! თუმცა, ახლა ეს რა სახსენებელია იმასთან, რაც „მანჩესტერს“ დამართა? „იუნაიტედს“ კი შავი დღეები უდგას და ალბათ ოლე გუნარ სულშერის დროც დათვლილია. „წითელმა ეშმაკებმა“ მიმდინარე სეზონში შინ ორჯერ ითამაშეს და ორჯერვე წააგეს, შუალედში „ბრაიტონთან“ ნაწვალევი და დაუმსახურებელი გამარჯვება რომ არა, ახლა გაცილებით კატასტროფულ ვითარებაში იქნებოდნენ. ცნობისთვის, „მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში სულ რაღაც მესამედ გაუშვა 6 გოლი და ბოლოს მსგავსი უსიამოვნება თავს 2011 წელს თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტისთან“ გადახდა.
„ტოტენჰემმა“ 7 ქულას მოუყარა თავი და ნელ-ნელა სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილს უახლოვდება, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ სამ თამაშში მოგებითა და 2 წაგებით „იმშვენებს“ თავს...
„მანჩესტერი“ – „ტოტენჰემი“ 1:6 (1:4)
გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (2, პენ), 1:1 ნდომბელე (4), 1:2 სონი (7), 1:3 კეინი (30), 1:4 სონი (37), 1:5 ორიე (51), 1:6 კეინი (79, პენ)