ჩოგბურთი

23:00 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

როლან გაროსი: ნადალმა და ტიმმა იოლად მოიგეს

საფრანგეთის ღია პირველობაზე მეორე რაუნდის მატჩები მიმდინარეობს და ლიდერებმა თავიანთი გამარჯვებები მოიპოვეს. მსოფლიოს ნომერ მეორე ნომერმა რაფაელ ნადალმა, რომელიც როლან გაროსის მე-13 ტიტულისთვის იბრძვის, ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი 6:1, 6:0, 6:3 დაამარცხა. ესპანელს ოთხი ორმაგი შეცდომა ჰქონდა, 31 - ვინერსი და 15 - უნებლიე შეცდომა.

მესამე რაუნდში რაფაელ ნადალი სტეფანო ტრავალიას შეხვდება. იტალიელმა კეი ნიშიკორი ხუთსეტიან ბრძოლაში 6:4, 2:6, 7:6, 4:6, 6:2 დაამარცხა. იაპონელი ჩოგბურთელი, რომელიც ერთი პერიოდი მსოფლიოს მეოთხე ნომერი იყო, ტრავმის შემდეგ ჯერჯერობით ფორმაში ვერ შევიდა. იტალიელი და ესპანელი აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან, თუმცა უდაოდ ფავორიტი ნადალია.

დღეს ითამაშა, მსოფლიოს მესამე ნომერმა დომინიკ ტიმმა, რომლის მეტოქეც გამოცდილი ჯეკ სოკი იყო, თუმცა ამერიკელმა ავსტრიელს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დომინიკმა 6:1, 6:3, 7:6 დაამარცხა. აღნიშნულ წყვილს შორის მეექვსე მატჩი გაიმართა და ტიმმა მეოთხე შეხვედრა მოიგო. აშშ-ს ღია პირველობის შემდეგ ტიმმა რომის მასტერსი და ჰამბურგის ტურნირი გამოტოვა და გრუნტის საფარზე კარგად ათამაშდა. პირველ რაუნდში ავსტრიელმა ათეულის ყოფილ წევრს მარინ ჩილიჩს მოუგო. დღევანდელ შეხვედრაში ტიმმა რვა ეისი შეასრულა, ასევე 28 ვინერსი ჰქონდა და 24 უნებლიე შეცდომა, ხოლო სოკს - 24 ვინერსი და 54 შეცდომა.

მესამე რაუნდში ტიმს განვლილი ორი მეტოქისგან განსხვავებით სერიოზული მეტოქე ეყოლება კასპერ რუდის სახით. ნორვეგიელმა ჩოგბურთელმა ტომი პოლს მართალია მძიმე ბრძოლაში (6:1, 1:6, 6:3, 1:6, 6:3) სძლია, მაგრამ რომის მასტერსა და ჰამბურგის ტურნირებზე რუდი ნახევარფინალში გავიდა და ჩემპიონებთან დამარცხდა. რუდი აქცენტს ნაკლებ შეცდომებზე აკეთებს და მისი დაპირისპირება ტიმთან საინტერესო აღმოჩნდება.

დიდი სლემის ტურნირებზე 150-ე გამარჯვება იზეიმა შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ. სტანმა მეორე რაუნდში დომინიკ კიოპფერი 6:3, 6:2, 3:6, 6:1 დაამარცხა. სტანი ნელ-ნელა ფორმაში შედის და აგრესიულად თამაშობდა. შვეიცარიელს 51 ვინერსი ჰქონდა, ხოლო გერმანელს - 17. თუმცა უნებლიე შეცდომები სტანს ბევრი ჰქონდა 52-33 წინააღმდეგ. შვეიცარიელი შემდეგ ეტაპზე უგო გასტონს შეხვდება, რომელმაც იაპონელი იოშიჰიტო ნიშიოკა 6:4, 7:6, 3:6, 6:2 დაამარცხა.

მძიმე ბრძოლა გადახდა ალექსანდრ ზვერევს, რომელმაც პიერ-უგო ერბერი 2:6, 6:4, 7:6, 4:6, 6:4 დაამარცხა. გერმენელს მართალია 10 ეისი ჰქონდა, თუმცა 11 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ერბერს 3 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა. ზვერევმა ოთხით მეტი ვინერსი შეასრულა - 45:41, ხოლო უნებლიე შეცდომა მეტი ჰქონდა - 56:49. შემდეგ ეტაპზე გერმანელი მარკო ჩეკინატოს შეხვდება. იტალიელს ზვერევი მხოლოდ ერთხელ შეხვდა, მიმდინარე წლის დასაწყისში ავსტრალიის ღია პირველობაზე, სადაც 3:0 დაამარცხა.

წარმატებულ სვლას აგრძელებს დიეგო შვარცმანი, რომელმაც მეორე რაუნდში ლორენცო ჟიუსტინო იოლად 6:1, 7:5, 6:0 დაამარცხა. არგენტინელი ვინერსებში წინ იყო (19-15), თუმცა იტალიელზე გაცილებით ნაკლები შეცდომა დაუშვა (33-46) და დამაჯერებლად გაიმარჯვა. დიეგომ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო სეტებით 3:0 და სლოვაკ ნორბერტ გომბოშს შხვდევა, რომელმაც იური როდიონოვი დაამარცხა 1/32-ფინალში.

მოულოდნელად დამარცხდა ჯონ იზნერი. ამერიკულ დუელში იზნერს 20 წლის სებასტიან კორდამ 6:4, 6:4, 2:6, 6:4 სძლია. ახალგაზრდა მოთამაშემ 46 ვინერსი შეასრულა 31-ის წინააღმდეგ და უნებლიე შეცდომებიც ნაკლები ჰქონდა - 28:34. კორდა შემდეგ ეტაპზე პედრო მარტინესს შეხვდება, რომელმაც მიხაილ კუკუშკინი დაამარცხა. ესპანელმა პირველ წრეში იტალიელ ფაბიო ფონინის სძლია.

იოლად გაიმარჯვა ტეილორ ფრიცმა, რომელმაც მოლდოველი რადუ ალბოტი 6:3, 6:2, 6:4 დაამარცხა. ტეილორს ყველაფერი გამოუვიდა, 16 ეისი ჰქონდა და 41 ვინერსი. ავსტრალიელი შემდეგ ეტაპზე ლორენცო სონეგოს შეხვდება, რომელმაც ალექსანდრ ბუბლიკი სამ სეტში 7:6, 6:1, 7:5 დაამარცხა.

როლან გაროსის 1/32-ფინალის დარჩენილი მატჩები ხვალ გაიმართება.

0.171966