„ქონიასფორის“ ქართველმა ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ სტამბოლის „ბეშიქთაშს“ ორი გოლი გაუტანა. თურქეთის სუპერლიგის მესამე ტურში ქონიელებმა შინ „არწივები“ 4:1 დაამარცხეს და ლევანმა შეუცვლელად ითამაშა.
„ქონიასფორი“ 28-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც შენგელიამ მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო. 24 წლის ჩვენებურმა 78-ე წუთზე უკვე ფეხითაც დალაქრა სტამბოლელთა კარი და დუბლი გაიფორმა. სხვათა შორის, ეს მის თურქულ კარიერაში პირველი დუბლია.
შენგელიას 2 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „ქონიასფორს“ 4 ქულით ამ დროისთვის მეშვიდე ადგილი უკავია. ცნობისთვის, გასულ სეზონში ლევანმა 23 მატჩში მოახერხა 2 გოლის გატანა და შარშანდელი შედეგი უკვე გაიმეორა.