გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიის იუპილერ ლიგის მორიგი მატჩიც გაუცდება. „ლეუვენთან“ მატჩში ქართველი შემტევი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში არაა და შესაბამისად, მოედანზე ვერ გავა.
„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა ჩაკვეტაძის ტრავმაზე წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიძლებოდა, მისი დაზიანება უფრო მძიმე ყოფილიყო.
„სვენ კუმსი და გიორგი ჩაკვეტაძე რეაბილიტაციას აგრძელებენ. ველოდებით ჩაკვეტაძეს, მას ძალიან უნდა გუნდს შეუერთდეს, მაგრამ სხეულს დრო სჭირდება გამოჯანმრთელებისთვის. ძალიან ბედნიერი ვართ, რომ მისი დაზიანება არც ისე სერიოზულია, ამ სახის შეჯახება შეიძლებოდა ბევრად უარესი ყოფილიყო“, - აღნიშნა დე დეკერმა.
მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ სამი მატჩი ჩაატარა (ორი ბელგიის ჩემპიონატში, ერთი ჩემპიონთა ლიგაზე). ტრავმა კი ზუსტად 10 დღის წინ ვენის „რაპიდთან“ მატჩის 57-ე წუთზე დრიბლინგისას მიიღო, როდესაც პენალტი მოიპოვა. 21 წლის ჩვენებურს ვარჯიში უკვე დაწყებული აქვს, მაგრამ სათამაშოდ მზად არ არის.
„გენტი“ ბელგიის ჩემპიონატში ექვსი ტურის თავზე 6 ქულით მე-13 ადგილზეა და 26 სექტემბერს, „ლეუვენს“ უმასპინძლებს, ხოლო 30 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კიევში, „დინამოს“ ესტუმრება, რომელთანაც სახლში 1:2 წააგო.