ფეხბურთი

10:24 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსული მედია: "ქვილითაიამ ძალიან კარგი დაცვის წინააღმდეგ თავისი ნიჭი გამოავლინა"

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიულ „ბაზელთან“ 2:3 დამარცხდა და ტურნირის გამოეთიშა. თემურ ქეცბაიას გუნდისთვის ფატალური საწყისი 20 წუთი გამოდგა, როდესაც 3 გოლი გაუშვა, შემდეგ ორი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა.

თორნიკე ოქრიაშვილი 50-ე წუთზე გააძევეს, მან მეორე ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის მიიღო, გიორგი ქვილითაიამ კი სადებიუტო გოლი გაიტანა „ანორთოსისის“ რიგებში და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მეორე ტაიმში ბევრი მცდელობა გვქონდა, შევცვალეთ გეგმა, რომ უფრო მეტი კონკურენცია გაგვეწია მეტოქისთვის. „ბაზელს“ ვულოცავ... ჩვენს მწვრთნელს ყოველთვის სურს, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ, შესვენებაზე გვითხრა, რომ გავსულიყავით მოედანზე და გვებრძოლა გუნდისთვის. 10 ფეხბურთელით დავრჩით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და არ გაგვიმართლა. ჩვენს შეცდომებს გავაანალიზებთ და მომავალში უკეთ ვითამაშებთ“, - თქვა ქვილითაიამ.

სხვათა შორის, ქართველი ფეხბურთელის თამაში გამოცემა Larnakasports-მა ძალზე დადებითად შეაფასა და დაწერა, რომ თემურ ქეცბაიასთვის ამ თამაშიდან ერთ-ერთი მთავარი პოზიტივი ქვილითაიას კარგი თამაში იყო:

„ქვილითაიამ ძალიან ძლიერი და კარგი დაცვის წინააღმდეგ შეძლო თავისი ნიჭის წარმოჩენა. ქართველი თავდამსხმელი შესანიშნავი იყო, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ თამაშში. ყველა ფაზაში ბოლომდე იბრძოდა საჰაერო დუელებშიც გამორჩეული გახლდათ“, - დაწერა კვიპროსულმა ვებგვერდმა.

აქვე გეტყვით, რომ „ბაზელის“ წინააღმდეგ გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

0.115313