ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ნახევარფინალში „დენვერ ნაგეტსისა“ და ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ დაპირისპირებაში მდგომარეობა დაიძაბა. დენვერელებმა სერიის მესამე მატჩი მოიგეს (114:106) და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.
თამაშმა „დენვერის“ საგრძნობი უპირატესობით ჩაიარა და დიდი სხვაობა რომ არ დაფიქსირდა, მხოლოდ ბოლო პერიოდის დამსახურებაა, რომელიც „ლეიკერსმა“ 10-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მანამდე პარკეტზე „ნაგეტსი“ დომინირებდა, რომელიც დასკვნითი მეოთხედის წინ 18 ქულას იგებდა.
„ლეიკერსის“ რიგებში ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 30 ქულა, 10 მოხსნა და 11 პასი, მაგრამ მისი გუნდი მაინც ვერ გადაარჩინა. „დენვერში“ ჯამალ მიუიერი გამოირჩა 28 ქულით, 8 მოხსნითა და 12 პასით, ნიკოლა იოკიჩმა კი 22 ქულას 10 მოხსნა და 5 პასი დაამატა. „ლეიკერსში“ ლებრონს მხარი თითქმის ვერავინ აუბა, ამას მხოლოდ ენტონი დევისზე ვერ ვიტყვით, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 ქულა შესძინა.
ამრიგად, „დენვერმა“ 114:108 იმარჯვა და სერიაში ანგარიში შეამცირა (1:2). ეს გუნდები მეოთხედ ერთმანეთს 25 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.