ქართველი ლეგიონერები

15:59 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ცინცაძეს ვერაფერი მოუხერხეს“

მაკედონიის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა ქართველი ხელბურთელების გუნდმა პრილეპმა, რომელმაც მეორე ტურში სტუმრად 34-29 დამარცხა რაბოტნიჩკი.

მატჩის ანგარიშის სათაური მაკედონიურ ვებგვერდზე gol.mk ასეთია: რაბოტნიჩკიმ ცინცაძეს ვერაფერი მოუხერხა. სტატიაში ვკითხულობთ: „მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ შემდეგ რაბოტნიჩკიმ ვერაფერი მოუხერხა პრილეპის მეკარე ცინცაძეს, რომელმაც დარტყმების რამდენიმე სერია მოიგერია“...

პრილეპმა ტაიმი 17-15 მოიგო, ხოლო მატჩი - 34-29. გამარჯვებულებში ყველაზე მეტი, 6-6 გოლი გაიტანეს რევაზ ჭანტურიამ და ფილიპ ჩურლევსკიმ. ამ უკანასკნელმა პრილეპში ბოლო მატჩი ითამაშა და ფინეთის სიუნდეაში გადავიდა. 4 გოლია ხაზეინ რუსტამოვის ანგარიშზე, ითამაშე მეოთხე ქართველმაც - მირიან გავაშელიშვილმა.

პრილეპს ორი მატჩიდან 1 მოგება აქვს. პირველ ეტაპზე გუნდის მიზანია შვიდგუნდიანი ჯგუფის პირველ სამეულში მოხვედრა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელება. მომდევნო თამაშს პრილეპი 21 სექტემბერს შინ გამართავს მლადოსტთან.

0.169543