საქართველოს ნაკრების და ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ბოლო ცნობები დამაიმედებელია.
Nieuwsblad-ი წერს, რომ წინასწარი დიაგნოზი ცნობილია, რომელიც მიუთითებს აქილევსის მყესებისა და წვივის შეერთების ადგილზე მცირე ჰემატომას, რაც იმას ნიშნავს, რომ 21 წლის ჩვენებურს ორი-სამი კვირის გამოტოვება მოუწევს. ყველაფერი უფრო დაზუსტებით ხუთშაბათს გახდება ცნობილი, როდესაც ჩაკვეტაძეს სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.
მოგეხსენებათ, დღესვე იგივე წყარო საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებდა და წერდა, რომ გიორგის შესაძლოა მთელი სეზონი გასცდენოდა. საბედნიეროდ, მათი ვარაუდი არ გამართლდა.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა გუშინ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის „რაპიდთან“ (2:1) მატჩში მიიღო, როდესაც პენალტი დრიბლინგით მოიპოვა, მაგრამ იმავე ეპიზოდში დაშავდა.