გერმანელმა ფეხბურთელი სამი ხედირამ ვარჯიში განაახლა. ნახევარმცველს გასული სეზონი ფაქტობრივად გაუცდა, რადგან ტრავმირებული იყო და რეაბილიტაცია გადის. ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით გუნდმა ვარჯიში დღეს ჩაატარა და ხედირამ ნაწილობრივ მიიღო მონაწილეობა, თუმცა როგორც Football Italia იუწყება, კლუბი ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.
"იუვენტუსმა" ხელფასების შემცირება გადაწყვიტა და ასევე სურს ხედირამ კლუბი ვადაზე ადრე დატოვოს. სამის კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და შესაძლებლობა აქვს სეზონის განახლებამდე წავიდეს სხვა გუნდში. Sky Sport Italia იუწყება, რომ მოლაპარაკებები მხარეებს შორის გრძელდება და გერმანელის კარიერა "იუვეში" ფაქტობრივად დასრულებულია.
ხედირა ტურინელებს ხუთი წლის წინ მადრიდის "რეალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. "იუვენტუსის" მაისურით გერმანელმა ნახევარმცველმა 145 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.