„დენვერი“ NBA-ს ნახევარფინალშია! „ნაგეტსმა“ თითქმის შეუძლებელი შეძლო და ლოს ანჯელეს „კლიპერსი“ სუპერდრამატულ დუელში 4:3 დაამარცხა. საინტერესოა, რომ „დენვერი“ სერიაში 1:3 მარცხდებოდა, მაგრამ სასწაული შემოგვთავაზა და ფავორიტად შერაცხულ „კლიპერსს“ ზედიზედ სამი თამაში მოუგო.
სერიის გადამწყვეტი, მე-7 დაპირისპირება დენვერელებმა 104:89 მოიგეს. ბრწყინვალე იყო ჯამალ მიურეი, რომელმაც 40 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო ნიკოლა იოკიჩმა საერთოდაც სამმაგი დუბლი შეასრულა. სერბს ფენომენალური თამაში ჰქონდა - 16 ქულა, 22 მოხნა და 13 პასი!!! „კლიპერსს“ ლიდერებმა ვერ ულიდერეს - კავაი ლეონარდიმ მხოლოდ 14 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, ხოლო პოლ ჯორჯმა 10 ქულა და 4 მოხსნა. ამრიგად, „დენვერი“ ნახევარფინალშია, სადაც მეორე ლოს ანჯელესური გუნდი - „ლეიკერსი“ ელოდება.
პარალელურად, ნახევარფინალური ეტაპი უკვე დაიწყო, მეორე წყვილში „მაიამი ჰიტი“ „ბოსტონ სელტიქსთან“ სერიაში დაწინაურდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და „ჰიტიმ“ ოვერტაიმში 117:114 იმარჯვა. „ბოსტონში“ ჯეისონ ტეიტუმმა 30 ქულას 14 მოხსნა და 5 პასი დაამატა, ხოლო მარკუს სმარტი 26 ქულით გამოირჩა. სამაგიეროდ, „მაიმიში“ გორან დრაგიჩი ბრწყინავდა, რომელმაც 29 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. სერიის მეორე მატჩი 18 სექტემბერს გაიმართება.