საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა დიდი შანსია მალე პოლონეთის ექსტრაკლასაში დაბრუნდეს. კვიპროსული მედიის ცნობით, ქართველი კარიერას პოზნანის „ლეხში“ გააგრძელებს.
larnakasports.com-ი იტყობინება, რომ დღეს ან ხვალ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. მხარეები უკვე შეთანხმდნენ, რომ ნიკა „ლეხში“ იჯარით გადავა, მაგრამ პოლონელებს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
პოზნანის „ლეხი“ შიდა ასპარეზზე დიდი ტრადიციების კლუბია და შარშან მხოლოდ ვარშავის „ლეგის“ ჩამორჩა, ამიტომაც ევროპა ლიგაზე თამაშობს, სადაც შვედურ „ჰამარბის“ დაუპირისპირდება (16 სექტემბერს).
კაჭარავა ექსტრაკალასას კარგად იცნობს, რადგან 2017-2018 წლების სეზონში კიელცეს „კორონაში“ 29 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. რაც შეეხება „ანორთოსისს“, 2018 წლიდან ჩვენებურმა 50 მატჩში თავი 12-ჯერ გამოიჩინა. საუკეთესო სეზონი 26 წლის ფორვარდს 2016-2017 წლების სეზონში კვიპროსულ „ეთნიკოსში“ ჰქონდა, როდესაც 29 თამაშში მეტოქეები 16-ჯერ დაამწუხრა. საქართველოს ნაკრებში კაჭარავას 18 შეხვედრაში 2 გოლი (სერბეთთან და ესტონეთთან) აქვს გატანილი.