ბათუმის სტადიონის ოფიციალური გახსნის ცერემონია გადაიდო. აღნიშნული ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დაადასტურა.
თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში შექმნილი ეპიდ-სიტუაცია შეაფასა, აღნიშნა რომ ვითარება საყურადღებოა და მომატებული საფრთხიდან გამომდინარე ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა სექტემბრის ნაცვლად სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიმართება.
"ყველას გვესმის, რომ ბათუმის სტადიონის გახსნას ელის ყველა ბათუმელი და არა მარტო ბათუმელი, ფეხბურთის გულშემატკივრები. სამწუხაროა, რომ დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს გადავდოთ სტადიონის საზეიმო გახსნა. შესაბამისად, 12 სექტემბრისთვის ჩვენ ვერ შევძლებთ სტადიონის გახსნას.
თუმცა, ყველას ვპირდები, რომ ოქტომბერში, ჩვენ ყველანი ერთად, საზეიმო ვითარებაში შევძლებთ ამ მართლაც ძალიან მაგარი სტადიონის გახსნას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჟდომარემ.
ბათუმის ახალი არენა 12 სექტემბერს, „დინამო ბათუმისა“ და „დინამო თბილისის“ შეხვედრით უნდა გახსნილიყო.