ფეხბურთი

16:18 | 8.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესეც დებიუტი...

დიდი ამბებია ინგლისის ნაკრებში. პატარა ბიჭებმა მონასტერი აურიეს. ახლა ბრიტანული ტაბლოიდების თავფურცლებზე ყველგან მათი ფოტოები ჭარბობს.

მივყვეთ თანმიმდევრობით. შაბათს ინგლისის ნაკრებმა, უეფას ერთა ლიგის მატჩში, რეიკიავიკში ისლანდიას რაჰიმ სტერლინგის გოლით 1:0 მოუგო. პირველად ითამაშეს „სამი ლომის“ მაისურით „მანჩესტერ სიტის“ 20 წლის ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ 18 წლის შემტევმა, მეისონ გრინვუდმა. ფოდენი თავიდანვე იყო მინდორზე და 68 წუთი გაატარა, გრინვუდმა კი დამთავრებამდე 12 წუთით ადრე შეცვალა ჰარი კეინი.

მოედანზე ისინი არაფრით გამორჩეულან. აი, მინდორს გარეთ კი ახალი ამბებისა და ჭორების მთავარი გმირები გახდენ.

ბიჭებმა ნაკრებში დებიუტის აღნიშვნა მოინდომეს და გუნდის სასტუმროში ორი ისლანდიელი გოგონა დაპატიჟეს. დაპატიჟეს და მერე ჩუმად შეაპარეს. ერთი, 20 წლის მოდელი, შარშანდელი „მის მსოფლიოს“ კონკურსის ფინალისტი, ნადია გუნარსდოტირი, მეორე კი მისი ბიძაშვილი, 19 წლის ლარა კლოსენი გახლდნენ.

მერე ლარამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, როგორ მიდიან სასტუმრო Radisson Blu Saga-ში და რას აკეთებენ ნომერში.

ვიდეოში მესამე გოგონაც ჩნდება, რომელიც ფოდენს ურეკავს და სიცილით ეუბნება:“მოსვლა შემიძლია, მაგრამ სასტუმროში როგორ შემიყვან?“

გაკვირვებული ფოდენი კი პასუხობს: „რა გინდა სასტუმროში?“

ნადია გრინვუდთან შეხვედრას თავიდან მარტო გეგმავდა, მაგრამ მას ჰკითხეს, ჰყავდა თუ არა დაქალი. ასე მოხვდა ამ ისტორიაში ლარა. ნადიას გრინვუდი რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში გაუცნია. მათ ყოველდღიური კონტაქტი ჰქონიათ ინგლისელთა რეიკიავიკში ჩასვლამდე.

ფეხბურთელებს გოგონებისთვის ცალკე დაუჯავშნიათ ორი ნომერი და იქიდან გამთენიისას გამოსულან.

ატყდა ერთი ამბავი. თურმე ფეხბურთელებს ისლანდიური კანონი დაურღვევიათ. ანუ კარანტინის წესები უგულებელყვეს.

გამონაკლისის სახით, ქვეყანაში შესვლისას, სტუმარ ფეხბურთელებს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი არ შეეხოთ, თუმცა მკაცრად გააფრთხილეს, სხვა ადამიანებთან კონტაქტი ჰქონოდათ. გასვლით კი მხოლოდ საწვრთნელ ბაზაზე გასულიყვნენ.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უკვე სწრაფი გამოძიებაც ჩაატარა და ფეხბურთელები ნაკრებიდან მოკვეთა.

მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა კი პრესკონფერენციაზე თქვა: „მათ კოვიდის წესი დაარღვიეს. ამიტომ, გადავწყიტეთ, გუნდის სხვა წევრებთან ახლოს აღარ მიგვეშვა. არ იყვნენ არც საუზმეზე და არც ვარჯიშზე. ყველა ინსტრუქცია მკაცრად დავიცავით. ცხადია, რომ ძალიან გულუბრყვილოდ მოიქცნენ. მესმის მათი ასაკის ამბავი, მაგრამ პანდემიას ხომ მთელი მსოფლიო ებრძვის და ამის გაუთვალისწინებლობა არაფრით შეიძლებოდა. ხანდახან ადამიანები შეცდომებს უშვებენ, თუმცა მათ გამართლება არ აქვთ.

ეგ არის, ამ ახალგაზრდებს ახლოს ჯერ არ ვიცნობ. შევეცდები დაველაპარაკო და მიუხედავად იმისა, რომ ბოდიში უკვე მოიხადეს, მათ სანაკრებო მოავალს მხოლოდ შემდეგ გადავწყვეტ.“

ისლანდიურმა გაზეთმა DV-მ გოგონებისგან მცირე ინტერვიუები აიღო.

„წარმოდგენა არ გვქონდა წესების შესახებ, ან გადაღება თუ არ შეიძლებოდა.“ - თქვეს ლამაზმანებმა.

ასეა...

0.113956