ფეხბურთი

1:53 | 8.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიას ორი წელი და 16 მატჩია არ წაუგია, ბელარუსმა საქართველომდე მოიგო

უეფას ერთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები სამი დივიზიონის სხვადასხვა ჯგუფებში გაიმართა და ყველაზე დიდ ინტერესს ნიდერლანდებისა და იტალიის შეხვედრა იწვევდა, რომელიც სტუმრებმა მოიგეს.

რობერტო მანჩინის გუნდმა გაცილებით გამართული ფეხბურთი ითამაშა, ვიდრე მისმა მეტოქემ და სამშობლოში 3 ქულით დამსახურებულად დაბრუნდა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადწყვიტა, „სკუადრა აძურას“ დიდებული კომბინაცია გოლით ნიკოლო ბარელამ დაასრულა. იტალიამ 1:0 მოიგო, მაგრამ საგოლე მომენტების დროს უფრო მეტი კონცენტრირება რომ გამოეჩინა, უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოგება.

ნიშანდობლივია, რომ იტალიის ნაკრებს 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლოს 2018 წლის 10 სექტემბერს, პორტუგალიასთან განიცადა მარცხი (0:1). საერთოდ, მას შემდეგ, რაც აპენიენელებს რობერტო მანჩინი ავარჯიშებს, ორჯერ დამარცხდნენ და ეს 21 მატჩში მოხდა. ზუსტად ასეთი შედეგი ჰქონდა (2 წაგება, სასტარტო 21 თამაშში) მარჩელო ლიპის, ხოლო იტალიის ნაკრების ისტორიაში საწყისი 21 მატჩიდან უფრო ცოტა წაგება (1) მხოლოდ ფულვიო ვალკარეჯის ჰქონია.

იტალიას ნიდერლანდებთან თამაში ისტორიულად არ უჭირდა და 2008 წლის მერე ამ გუნდის წინააღმდეგ დაუმარცხებელია. მიღწევის ავტორი გახდა ჯანლუიჯი დონარუმაც. ის მესამე იტალიელი მეკარეა ვალტერ ძენგასა (1990) და ფრანჩესკო ტოლდოს (2000) შემდეგ, რომელმაც ნიდერლანდების ნაკრებთან საგარეო მატჩში გოლი არ გაუშვა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთი ბოსნიასთან აგებდა, მაგრამ 2:1 მოიგო და პირველი გამარჯვება იზეიმა. ჯგუფს იტალიის ნაკრები 4 ქულით ლიდერობს, ხოლო ნიდერლანდებსა და პოლონეთს 3-3 ქულა აქვთ.

სხვა მატჩებს რაც შეეხება, C დივიზიონში საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ბელარუსმა ყაზახეთი 2:1 დაამარცხა. მიხაელ მარხელის გუნდმა ალბანეთთან საშინაო წაგების მერე ხასიათი გამოიკეთა და ეს ბოლო თამაში იყო 8 ოქტომბრამდე, ანუ თბილისში სტუმრობამდე... სხვათა შორის, ამ ჯგუფში ოთხივე გუნდს 3-3 ქულა აქვთ. საქმე ისაა, რომ პირველ ტურში ბელარუსმა სახლში ალბანეთთან წააგო, ლიეტუვამ კი ყაზახეთთან, სამაგიეროდ, მეორე ტურში ყაზახეთი სახლში ბელარუსთან დამარცხდა და ალბანეთი ლიეტუვასთან. შესაბამისად, ჯგუფში ოთხივე მატჩი სტუმრებმა მოიგეს...

უნდა ვთქვათ ერლინგ ჰოლანდის შესახებაც, რომელმაც უკვე ნორვეგიის ნაკრებშიც დაიწყო გატანა. „დორტმუნდის“ გოლეადორმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან დუბლი შეასრულა და მისმა გუნდმა მეტოქე 5:1 გაანადგურა. და კიდევ ერთი, ჩეხეთის ნაკრებში ორ ფეხბურთელს კორონავირუსი გამოუვლინდა, მაგრამ შოტლანდიასთან მატჩი არ გადაიდო. თუმცა, მთელი გუნდი, მათ შორის, სამწვრთნელო შტაბიც სახლში გაუშვეს და ახალი ფეხბურთელებით შეკრიბეს ნაკრები, რომელმაც შინ შოტლანდიას მედგარი ბრძოლა გაუმართა და მინიმალური სხვაობით, 1:2 წააგო.

A დივიზიონი, ჯგუფი I

ბოსნია - პოლონეთი 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ჰაირადინოვიჩი (24, პენ), 1:1 გლიკი (45), 1:2 გროსიჩკი (67)

ნიდერლანდები - იტალია 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ბარელა (45)

B დივიზიონი, ჯგუფი I

ავსტრია - რუმინეთი 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 ალიბეკი (3), 1:1 ბაუმგარტნერი (17), 1:2 გრიგორე (51), 1:3 მაქსიმი (70), 2:3 ონისივო (81)

ჩრდ. ირლანდია - ნორვეგია 1:5 (1:3)

გოლები: 0:1 ელიონუსი (2), 1:1 მაკნეირი (6), 1:2 ჰოლანდი (7), 1:3 სორლოთი (19), 1:4 სორლოთი (47), 1:5 ჰოლანდი (58)

B დივიზიონი, ჯგუფი II

ჩეხეთი - შოტლანდია 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 პასეკი (12), 1:1 დიკესი (27), 1:2 კრისტე (52, პენ)

ისრაელი - სლოვენია 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 დურიში (14), 1:1 ელმკისი (90)

C დივიზიონი, ჯგუფი IV

ყაზახეთი - ბელარუსი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ბორდაჩევი (53), 1:1 აიმბეტოვი (62), 1:2 ლისაკოვიჩი (86)

ალბანეთი - ლიეტუვა 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კაზლაუსკასი (51)

თეგებიერთა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.212296