ქართველი ხელბურთელებიდან ახალი სეზონი პირველმა ირაკლი ჩიქოვანმა დაიწყო. მისმა კლუბმა, რუმინეთის კონსტანცამ, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან გამოთიშა სტავროპოლის (რუსეთი) დინამო-ვიქტორი.
კონსტანცამ ორივე მატჩი მოიგო - შინ 26-18 და სტუმრად 28-27. საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა პირველ თამაშში 2 გოლი გაიტანა, მეორეში - ერთი. ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად კონსტანცას კიდევ ერთი რაუნდის გავლა სჭირდება.
ევროტურნირების რეფორმის შემდეგ EHF ევროპის ლიგის გათამაშება წლეულს პირველად იმართება. ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეთა რიცხვი 16-მდე შემცირდა, სამაგიეროდ, ბევრად უფრო ძლიერია მეორე ტურნირის, ევროპის ლიგის შემადგენლობა. აქ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის გამარჯვებული, საფრანგეთის მონპელიე, გერმანიის ბუნდესლიგის რაინ-ნეკარი, ფუხსე ბერლინი, მაგდებურგი და სხვა ძლიერი კლუბები.
არაა გამორიცხული, ირაკლი ჩიქოვანი და მონპელიეს ხელბურთელი, გიორგი ცხოვრებაძე ერთმანეთს კვალიფიკაციის მეორე წრეში შეხვდნენ. წილისყრა 24 გუნდს დააწყვილებს, აქედან მონპელიე ზედა თორმეტ გუნდშია განთესილი, კონსტანცა კი ქვედაში. მეორე წრის მატჩები 22 და 29 სექტემბერს გაიმართება.
შეჯიბრების ფორმატი ასეთია: პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან მეორეში გავიდა 15 გუნდი, 9 კი პირდაპირ მეორე ეტაპზე იყო დაშვებული. მეორე ეტაპის 12 გამარჯვებული გავა ჯგუფურ რაუნდში, სადაც 12 გუნდი პირდაპირ არის დაშვებული. ჯგუფური ეტაპის 24 მონაწილიდან 16 საუკეთესო გუნდი ბრძოლას გააგრძელებს მერვედფინალსა და მეოთხედფინალში, შეჯიბრება კი ფინალური ოთხეულის ფორმატით დასრულდება 2021 წლის ივნისში.
ხელბურთი. EHF ევროპის ლიგა 2020-21
მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მონაწილეები (24)
განთესილები (12): ნექსე (ხორვატია), ბიერინგბო-სილკებორგი, GOG (დანია), ბენიდორმი (ესპანეთი), მონპელიე, ტულუზი (საფრანგეთი), რაინ ნეკარი, ფუხსე ბერლინი (გერმანია), ბალატონფურედი (უნგრეთი), მეტალურგი (მაკედონია), აზოტი-პულავი (პოლონეთი), სპორტინგი (პორტუგალია)
განუთესავები (12): ფივერი (ავსტრია), სკიერნი, ჰოლსტებრო (დანია), ბიდასოა ირუნი (ესპანეთი), დიონდიოში (უნგრეთი), პოტაისა ტურდა, კონსტანცა (რუმინეთი), ცსკა (რუსეთი), ტრებნიე (სლოვენია), ვინტერტური, კრინს-ლუცერნი (შვეიცარია), კრისტიანსტადი (შვედეთი)
პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე არიან (12): ლეონი (ესპანეთი), ნიმი (საფრანგეთი), მაგდებურგი (გერმანია), ტატაბანია (უნგრეთი), ეუროფარმ პელისტერი (მაკედონია), ვისლა პლოცკი (პოლონეთი), დინამო ბუკურეშტი (რუმინეთი), ჩეხოვსკიე მედვედი (რუსეთი), შაფჰაუზენი (შვეიცარია), ტატრან-პრეშოვი (სლოვაკეთი), ალინგსასი (შვედეთი), ბეშიქთაში (თურქეთი)