ჭადრაკი

1:07 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

2 ბრინჯაო რაპიდში

პორტუგალიის ქალაქ პორტუში მიმდინარე სენიორთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ კიდევ 2 მედალი მოიპოვა. რაპიდში წარმატებას ზურაბ სტურუამ (2525) და ნონა გაფრინდაშვილმა (2244) მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ კლასიკური ჭადრაკისგან განსხვავებით, რაპიდში ქალი და მამაკაცი მონაწილეები ერთ ტურნირში ირჯებოდნენ.

50 წელს გადაცილებულ მოჭადრაკეთა ჩემპიონატში სტურუამ 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-3 ადგილი დაიკავა. ზურაბს ვერცხლის მედალოსანი ანტონიო ფერნანდეშის (პორტუგალია, 2315) დარი მონაგარი ჰქონდა, ჩემპიონ ევგენი კალუგინს (რუსეთი, 2490) კი 0.5 ქულით ჩამორჩა.

ამავე ტურნირში ციალა ქასოშვილმა (2112) 5.5 ქულა მოაგროვა და მე-11 განთესვის ფონზე ჩინებული შედეგი დააფიქსირა – მე-4 ადგილზე გავიდა. რაც შეეხება ნინო გურიელს (2298), იგი 5.0 ქულით მე-8 იყო.

65+ შეჯიბრში მთავარი პრიზი რუმინელმა მიჰაი შუბამ (2379) მოიპოვა 8.0 ქულით, მე-2 ლიტველი ალგიმანტას ბუტნორიუსი (2340) გახლდათ 7.0 ქულით, ბრინჯაოს მედალი კი გაფრინდაშვილს (2244) ერგო, რომელმაც 6.5 ქულა მიითვალა. თამარ ხმიადაშვილმა (2026) 9 ტურში თავი 5.0 ქულას მოუყარა და 28 მონაწილეს შორის მე-9 შედეგი აჩვენა.

21 მარტს პორტუში ბლიცში შეჯიბრია დაგეგმილი და ევროპის ჩემპიონატი დასრულდება.

0.118617