ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ ლუკა დონჩიჩი ეულად ვერაფერს გახდა და „დალას მავერიქსმა“ სეზონი დაასრულა. სერიის მეექვსე მატჩი ლოს ანჯელესელებმა 111:97 მოიგეს და სერიაში 4:2 იმარჯვეს. შედეგად, მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
„დალასის“ ლიდერ დონჩიჩს ცდა არ დაუკლია, მაგრამ ვერაფერი გააწყო. სლოვენიელმა 42 წუთში 38 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა, მაგრამ „კლიპერსმა“ უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშა და მოგებული გამოვიდა.
ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა კავაი ლეონარდს, რომელმაც 33 ქულას 14 მოხსნა და 7 პასი დაამატა, ხოლო პოლ ჯორჯმა 15 ქულა, 9 მოხსნა და 7 გადაცემა შესძინა საკუთარ გუნდს. საბოლოოდ „კლიპერსი“ შემდეგ ეტაპზეა, სადაც „დენვერისა“ და „იუტას“ წყვილში საუკეთესოს შეხვდება. „ჯაზი“ ამ დროისთვის სერიაში წინაა (3:2). სხვათა შორის, 21 წლის სლოვენიელ ლუკა დონჩიჩს ბრწყინვალე პლეი-ოფი ჰქონდა და საშუალოდ 31 უქლა, 9.8 მოხსნასა და 8.7 პასს აგროვებდა. ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო პლეი-ოფში დებიუტანტის რანგში და ორჯერ სამმაგი დუბლი შეასრულა...
მეოთხედფინალური ეტაპი კი „ტორონტოსა“ და „ბოსტონის“ მეტად საინტერესო მატჩით გაიხსნა. კანადელებმა „სელტიქსის“ წინააღმდეგ სერიის პირველ მატჩში ვერაფერი გააწყვეს (94:112) და ანგარიშში ჩამორჩნენ (0:1).
„ბოსტონის“ რიგებში ჯეისონ ტეიტუმი (21 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი) და მარკუს სმარტი გამოირჩნენ (21 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი). რაც შეეხება „ტორონტოს“, აქ კაილ ლოური (17 ქულა 6 მოხსნა, 7 პასი) და სერჟ იბაკა (15 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი) იყვნენ საუკეთესოები. ამ გუნდებს შორის სერიის მეორე მატჩი 1 სექტემბერს გაიმართება.