ფეხბურთი

1:13 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

1999 წლის ფინალის გამეორება და ესპანური დაპირისპირება ლიგის 1/4-ფინალში

 

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპი მანჩესტერსა და ბარსელონაში გასამართი მატჩებით გაიხსნება. ინგლისში ერთმანეთს ლიგის 1999 წლის ფინალისტები დაუპირისპირდებიან, ხოლო ესპანეთში ურთიერთობას პრიმერას საუკეთესო გუნდები გაარკვევენ.

 

მანჩესტერი-ბაიერნი

“მანჩესტერისა” და “ბაიერნის” წყვილს, მიუნხენური გუნდის სახით, გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. ამის მიუხედავად, ინგლისურ-გერმანული დაპირისპირება დიდი ინტრიგის მატარებელია. ამ გუნდების შეხვედრის დროს, უპირველესად გვახსენდება ჩემპიონთა ლიგის 1999 წლის ლეგენდარული ფინალი, როდესაც “ბაიერნი” თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში, 91-ე წუთამდე, იგებდა, მაგრამ პირველ და მე-3 დამატებულ წუთებზე გატანილი გოლების წყალობით, თასი თავს ზემოთ “მანჩესტერის” კაპიტანმა აღმართა. მას შემდეგ, “ბაიერნმა” “მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალიდან 2-ჯერ გამოაგდო, მაგრამ მიუნხენური გუნდის გულშემატკივრებისთვის ინგლისური გუნდი მაინც 15 წლის წინანდელ ფინალთან ასოცირდება.

1999 წლის შემდეგ, “მანჩესტერმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3-ჯერ ითამაშა. “წითელმა ეშმაკებმა” 2-ჯერ წააგეს და ორივეჯერ პეპ გვარდიოლას გუნდთან. 2009 და 2011 წლის გუნდებთან შედარებით, “მანჩესტერი”, დღეს, ძალიან სუსტად გამოიყურება, ხოლო გვარდიოლა კვლავ იმ გუნდს თავკაცობს, რომელიც ევროპაში საუკეთესოდ მიიჩნევა. ამის გათვალისწინებით, წყვილის გამოკვეთილი ფავორიტი “ბაიერნია” და ევროპული ტოტალიზატორების აზრით, 8 მეოთხედფინალისტს შორის, შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველაზე მცირე შანსი “მანჩესტერს” აქვს.

გუნდები ერთმანეთს სულ 9-ჯერ შეხვედრიან. 2-ჯერ “მანჩესტერმა” მოიგო, 3-ჯერ – “ბაიერნმა”, ხოლო 4 თამაში ფრედ დასრულდა. ინგლისში გამართული 4 დაპირისპირებიდან გუნდებმა თითო მოიგეს, ხოლო ორმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

“მანჩესტერი” გერმანულ გუნდს 28-ედ დაუპირისპირდება. წინა 27 შეხვედრიდან “წითელმა ეშმაკებმა” 14 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს. საკუთარ კედლებში “მანჩესტერს” 8 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი დაუგროვდა.

ინგლისელები გერმანიის წარმომადგენლებს ევროტურნირის ფლეი ოფში 7-ჯერ გადაეყარნენ. “მანჩესტერი” შემდეგ ეტაპზე 3-ჯერ გავიდა.

“ბაიერნს”, ინგლისურ გუნდებთან გამართულ 43 თამაშში 16 მოგება, 15 ფრე და 12 წაგება აქვს. მეტოქის მოედანზე ჩატარებული 18 მატჩიდან მიუნხენელებმა 5 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 6 დათმეს.

ფლეი ოფის ეტაპზე “ბაიერნი” ინგლისელებს 13-ჯერ შეხვდა. მიუნხენელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა 8-ჯერ მოახერხეს.

პრემიერლიგის ბოლო თამაშის 4:1 მოგების მიუხედავად, არ შეიძლება ითქვას, რომ “მანჩესტერი” დღევანდელ მატჩს კარგ ფორმაში ხვდება. დევიდ მოიესის შეგირდებმა, წინა 2 საშინაო თამაში პრინციპულ მეტოქეებთან, “ლივერპულთან” და “სიტისთან” ერთნაირი ანგარიშით, 0:3 წააგო. ჩემპიონატის 32-ე ტურის შემდეგ, 54 ქულით, “მანჩესტერი” მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 10 ქულით ჩამორჩება. ამას ისიც ემატება, რომ “წითელი ეშმაკები” ინგლისის ორივე თასიდან გამოვარდნენ. ეს ნიშნავს, რომ გუნდს წარმატების მიღწევა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე შეუძლია.

“მანჩესტერს” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გაგრძელება რომ ძალიან გაუჭირდება, ამას “ბაიერნის” ამჟამინდელი ფორმაც მეტყველებს. მიუნხენელებმა ბუნდესლიგა ტურნირის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ისე მოიგეს, რომ არცერთი თამაში არ წაუგიათ. გასულ უქმეებზე, უმოტივაციო და გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “ბაიერნი” “ჰოფენჰაიმს” მასპინძლობდა. გვარდიოლას გუნდმა არც ეს თამაში წააგო, მაგრამ ვერც მოიგო – 3:3. მიუნხენური გუნდი გერმანიის თასზე ასპარეზობასაც განაგრძობს. ასე რომ, “ბაიერნს” ისეთი სეზონი აქვს, უკეთესი რომ შეუძლებელია.

“მანჩესტერი” “ბაიერნს” სერიოზული დანაკარგით ხვდება. მოიესის გუნდი 1/4-ფინალში გასვლას რობინ ვან პერსის უნდა უმადლოდეს, რომელიც დღეს, ტრავმის გამო, ვერ ითამაშებს. დისკვალიფიცირებულია პატრის ევრა, ხუან მატას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს. საეჭვოა მოედანზე ვალენსიას, რაფაელის, სმოლინგისა და ევანსის გამოჩენაც.

უდანაკარგოდ არც “ბაიერნია”. გვარდიოლა ტრავმირებულ კონტენტოს, ტიაგო ალკანტარასა და დისკვალიფიცირებულ დანტეს მოისაკლისებს.

შეხვედრას ესპანელი კარლოს ველასკო კარბალიო განსჯის. მას “მანჩესტერის” თამაშში 3-ჯერ უმსაჯია. 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, ინგლისელებმა “მარსელი” 2:1 დაამარცხეს. იმავე გათამაშების ნახევარფინალში, “წითელმა ეშმაკებმა” “შალკეს” გელზენკირხენში 2:0 სძლიეს. 2012 წელს, ჯგუფურ ეტაპზე, “მანჩესტერი” “გალათასარაის” ეწვია და 0:1 დამარცხდა.

“ბაიერნის” შეხვედრაში კარბალიოს მონაწილეობა 2-ჯერ მიუღია. მიუნხენელებმა ორივე თამაში სტუმრად გამართეს და ორივე მათგანი ანგარიშით 2:0 მოიგეს. პირველად ეს 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, “მარსელთან” მოხდა, ხოლო მეორედ 2013 წელს, კვლავ 1/4-ფინალში, ამჯერად “იუვენტუსთან”.

  • “მანჩესტერმა”, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ოთხივე საშინაო თამაში მოიგო და გოლი მხოლოდ ერთში გაუშვა;
  • “მანჩესტერმა”, გერმანულ გუნდებთან გამართული ბოლო 6 საშინაო თამაში მოიგო;
  • “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 7 გასვლითი თამაში აქვს მოგებული;
  • “ბაიერნმა” ინგლისში გამართული ბოლო 4 დაპირისპირება მოიგო;
  • პეპ გვარდიოლამ, “ბარსელონაში” მუშაობის დროს, “მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ დაამარცხა;
  • სამწვრთნელო კარიერაში, გვარდიოლას ინგლისური გუნდი სტუმრად არასდროს დაუმარცხებია. ფეხბურთელობის დროს მან ეს მხოლოდ ერთხელ მოახერხა;
  • უეინ რუნის, მიმდინარე გათამაშებაში, 7 საგოლე გადაცემა აქვს, რაც საუკეთესო შედეგია. აქედან 4 პასი მან “ლევერკუზენთან” ჯგუფურ ეტაპზე გამართულ მატჩში გააკეთა;
  • თუ დღეს რაიან გიგზი მოედანზე გამოვიდა, უელსელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე 141-ე თამაშს ჩაატარებს. ამაზე უკეთესი შედეგი (142) მხოლოდ რაულს აქვს;
  • თუ დღეს “ბაიერნმა” გაიტანა, “მანჩესტერს” ევროტურნირებზე 300 გოლი ექნება გაშვებული;
  • “მანჩესტერმა”, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 6 საშინაო თამაში წააგო, რაც წინა 3 სეზონის გაერთიანებულ შედეგს აღემატება;
  • “ბაიერნმა” ბუნდესლიგა ტურნირის დასრულებამდე 7 ტურით ადრე მოიგო, რაც ევროპის წამყვან ჩემპიონატებში აქამდე არასდროს მომხდარა.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა, რაფაელი, ვიდიჩი, ჯონსი, ბუტნერი, გიგზი, კერიკი, ვალენსია, კაგავა, იანუზაი, რუნი.

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, მარტინესი, ალბა, ლამი, რობენი, კროოსი, შვაინშტაიგერი, რიბერი, მანჯუკიჩი.

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

 

ბარსელონა-ატლეტიკო

ამ წყვილში ერთმანეთს დღეის მდგომარეობით ესპანეთის 2 საუკეთესო გუნდი უპირისპირდება. იმის მიუხედავად, რომ ლა ლიგაში პირველ ადგილზე “ატლეტიკოა”, წყვილის ფავორიტად მაინც “ბარსელონა” მიიჩნევა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კატალონიელ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ, რასაც “ატლეტიკოს” მოთამაშეებზე ვერ ვიტყვით. თუმცა. მადრიდელებს რომ “ბარსელონასთან” ტოლსწორად თამაში შეუძლიათ, ეს მიმდინარე სეზონშიც დამტკიცდა. ამ გუნდებს შორის გამართული სამივე თამაში ფრედ დასრულდა.

როგორც აღვნიშნეთ, “ატლეტიკო” და “ბარსელონა”, პრიმერაში, პირველ-მეორე ადგილებზე არიან. კატალონიელები მადრიდულ გუნდს 1 ქულით ჩამორჩებიან. ბოლო ტურებში რთული თამაშების მოგება ორივე გუნდმა მოახერხა, მაგრამ უპირველესად ეს “ბარსელონაზე” ითქმის. ხერარდო მარტინოს გუნდმა პრინციპულ მეტოქეებს, “რეალსა” და “ესპანიოლს” სტუმრად სძლია. ასევე სტუმრად მოიგო ბოლო თამაში “ატლეტიკომ”, რომელმაც “ბილბაო” ბასკეთში დაამარცხა.

“ბარსელონა” და “ატლეტიკო” ევროტურნირებზე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. ესპანეთის მასშტაბით, კატალონიელებმა მადრიდელებს 105-ჯერ უმასპინძლეს. 60 თამაში “ბარსამ” მოიგო, 19 – “ატლეტიკომ”, ხოლო 26 ფრედ დასრულდა.

“ბარსელონას” ესპანეთის წარმომადგენლებთან ევროტურნირებზე 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა ხუთ-ხუთჯერ მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო 9-ჯერ წააგეს. საკუთარ კედლებში ჩატარებული 9 თამაშიდან “ბარსამ” 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 3 დათმო.

ესპანურ გუნდებთან ევროტურნირებზე გამართული 9 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან “ბარსელონამ” 4 მოიგო და 5 წააგო.

ესპანურ გუნდებთან უკეთესი შედეგები აქვს “ატლეტიკოს”. ევროტურნირებზე გამართული 12 თამაშიდან მადრიდელებმა 6 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 დათმეს. სტუმრად ჩატარებული 5 მატჩიდან “ატლეტიკომ” თითო მოიგო და ფრედ ითამაშა, ხოლო 3 წააგო.

“ატლეტიკო” ესპანეთის წარმომადგენლებს ევროტურნირის ფლეი ოფში 4-ჯერ შეხვდა. მადრიდელები შემდეგ ეტაპზე 3-ჯერ გავიდნენ.

დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. “ბარსელონას” პირველი მეკარე ვიქტორ ვალდესი ვერ დაეხმარება, რომელმაც ცოტა ხნის წინათ მძიმე ტრავმა მიიღო. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კარლეს პუიოლის, მარტინ მონტოიასა და პედრო როდრიგესის თამაშიც. “ატლეტიკოს” ერთადერთი დანაკლისი დისკვალიფიცირებული რაულ გარსიაა.

შეხვედრის განსასჯელად UEFA-მ გერმანელი ფელიქს ბრიხი მიავლინა. “ბარსელონას” მატჩში მას 2-ჯერ უმსაჯია. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, კატალონიელებმა “ჩელსისთან” 0:1 წააგეს. მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, “ბარსა” “მილანს” დაუზავდა, ანგარიშით 1:1.

ასევე 2-ჯერ უმსაჯია ბრიხს “ატლეტიკოს” თამაშში. 2007 წელს, ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, მადრიდელებმა “ვოევოდინა” 2:1 დაამარცხეს. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წინ გამართულ ფლეი ოფში, “ატლეტიკომ” “პანათინაიკოსს” 3:2 სძლია.

  • “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეშვიდედ გასვლას შეეცდება. კატალონიური გუნდის გარდა, ნახევარფინალში ზედიზედ ექვსჯერ არავინ გასულა;
  • “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მეთექვსმეტედ თამაშობს. წინა 15 მცდელობიდან კატალონიელები შემდეგ ეტაპზე 13-ჯერ გავიდნენ, რაც რეკორდია;
  • “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში 1997 წლის შემდეგ პირველად თამაშობს;
  • “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ოთხივე საშინაო თამაში მოიგო;
  • “ბარსელონას”, ევროტურნირებზე ჩატარებულ ბოლო 26 საშინაო თამაშში 20 მოგება და მხოლოდ 1 წაგება აქვს;
  • “ატლეტიკოს”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 5 გასვლით მატჩში წაგება არ აქვს;
  • დავიდ ვილია, 2010-2013 წლებში, “ბარსელონაში” თამაშობდა. კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 116 თამაშში მან 48 გოლი გაიტანა;
  • ლიონელ მესის, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩატარებულ 19 თამაშში 20 გოლი აქვს გატანილი. არგენტინელმა 3-ჯერ თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა;
  • თუ დღეს გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, “ბარსელონა” ევროტურნირებზე მე-100 ფრეს ითამაშებს;
  • “ბარსელონამ”, მიმდინარე გათამაშებაში, 6517 გადაცემა გააკეთა, რომელთაგან 5579 ზუსტი გამოდგა. ორივე ეს მაჩვენებელი საუკეთესოა. ფეხბურთელებს შორის ჩავი ერნანდესი ლიდერობს, რომლის 885 გადაცემიდან 818 ზუსტი გამოდგა;
  • ლიონელ მესის, ჩემპიონთა ლიგაზე, 67 გოლი აქვს გატანილი. ის მხოლოდ რაულს (71) ჩამორჩება;
  • “ბარსელონამ”, “კამპ ნოუზე” ჩატარებული ბოლო 30 თამაშიდან 29 მოიგო;
  • “ატლეტიკო” ერთ-ერთია იმ 2 გუნდიდან, რომლებსაც მიმდინარე გათამაშებაში წაგება არ აქვთ;
  • “ატლეტიკომ”, მიმდინარე გათამაშებაში, 4 გოლი გაუშვა, რაც 1/4-ფინალისტთა შორის საუკეთესო შედეგია.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): პინტო, ალვესი, მასკერანო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სანჩესი, მესი, ნეიმარი.

ატელტიკო (4-4-2): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი, კოკე, გაბი, სუარესი, თურანი, კოსტა, ვილია.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

0.294947