სხვა

2:23 | 29.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

როგლიჩი ტურ დე ფრანსისთვის მზადაა

დღეს სტარტს აიღებს ტურ დე ფრანსის ველომარათონი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტიც, ვუელტას მოქმედი ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩია (ფოტოზე). სეზონის განახლების შემდეგ, მან შესანიშნავი ფორმა გამოავლინა, მაგრამ კრიტერიუმ დუ დოფინზე წაქცევამ, მისი შანსები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

როგლიჩი ამბობს, რომ ტურისთვის სრულ მზადყოფნაშია და „თავს შესანიშნავად“ გრძნობს. მას ინციდენტი 15 აგვისტოს შეემთხვა და ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ სრულად არ გამოჯანმრთელებულა. მაგრამ ტურის დაწყებამდე ორი დღით ადრე, „ჯუმბო-ვისმას“ 30 წლის ლიდერი საბრძოლო განწყობაზე იყო.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. რადგან აქ ვარ, ტურის სტარტზე, ესე იგი, ყველაფერი კარგადაა. იმ წაქცევის გამო, განსხვავებული გეგმით მოვემზადე. რესტარტისთვის გარკვეული დრო დამჭირდა, მაგრამ ახლა მზად ვარ, ყველაფერი შევძელი“, - ამბობს როგლიჩი.

წაქცევამდე როგლიჩი საუკეთესო ფორმაში იყო. მისი გუნდიც, რომელშიც ჯიროს ყოფილი ჩემპიონი, ჰოლანდიელი ტომ დუმულენიც ირიცხება, კარგად მუშაობდა. სეზონის განახლების შემდეგ, როგლიჩმა ჯერ ტურ დე ლ’ეინი მოიგო, შემდგ კი დოფინის რბოლასაც, რომელიც ტრადიციულად, ფრანგული მარათონის წინ, ბოლო მოსამზადებელი ეტაპი იყო, დამაჯერებლად ლიდერობდა. მერე კი, ბოლოს წინა ეტაპზე, ის ინციდენტიც მოხდა, რამაც ტურზე მისი გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

რამდენად მზადაა რთული რბოლისთვის, ეს ადრეულ, სამთო ეტაპებზევე გამოჩნდება, რომლებიც ქალაქ ნიცას შემოგარენში გაიმართება. მათ შორის ყველაზე რთული, მეორე ეტაპი იქნება.

როგლიჩი „ჯუმბო-ვისმას“ უპირობო ლიდერია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამ როლის შესრულება დუმულენსაც შეუძლია, რომელიც ტურის სტარტს საუკეთესო ფორმაში ხვდება. „გაცილებიტ უკეთესია, როცა ტომისნაირი მრბოლი შენი თანაგუნდელია და არა მეტოქე“, - ამბობს როგლიჩი.

არაა გამორიცხული, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, რბოლა ნაადრევად შეწყდეს. მაგრამ დუმულენი ამბობს, რომ გუნდის გეგმებში ეს გათვალისწინებული არ არის.

„ჩვენი სტრატეგიული გეგმა, პირველი კვირანახევრის განმავლობაში, ლიდერებს შორის ყოფნას არ ითვალისწინებს. და მნიშვნელობა არ აქვს, რბოლა შეწყდება, თუ არა. ნახევარი რბოლის გამარჯვებული, ტურ დე ფრანსის რეალური ჩემპიონი ვერ იქნება“, - ამბობს დუმულენი.

0.117953