ჩოგბურთი

1:13 | 29.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსის მიზანი დიდი სლემის 24-ე ტიტულია

სერენა უილიამსს თავის კარიერაში, დიდი სლემის 23 ტურნირი აქვს მოგებული. ერთსაც თუ მოიგებს, ლეგენდარული ავსტრალიელის, მარგარეტ კორტის მიღწევას გაიმეორებს. და ამის რეალური შანსი, აშშ-ის ღია პირველობაზე ექნება.

სერენას 24-ე სასლემო ტიტულის მოგება ოთხჯერ შეეძლო, მაგრამ ოთხივეჯერ ხელმოცარული დარჩა. ოთხივეჯერ უფრო ახალგაზრდა, სწრაფმა მეტოქემ დაამარცხა.

პირველი შანსი 2018 წლის უიმბლდონზე ჰქონდა, რომლის ფინალშიც გერმანელ ანგელიკ კერბერთან 6-3, 6-3 დამარცხდა. მეორე შანსი იმავე სეზონში, აშშ-ის ღიაზე ჰქონდა, მაგრამ იაპონელმა ნაომი ოსაკამ 6-2, 6-4 დაამარცხა. უიმბლდონის ფინალში შარშანაც გავიდა, მაგრამ რუმინელ სიმონა ჰალეპთან 6-2, 6-2 წააგო. დაბოლოს, მეოთხე შანსიც აშშ-ის ღიაზე, შარშან მიიღო. მაგრამ ამჯერად კანადელ ბიანკა ანდრეესკუსთან (ესეც წარმოშობით რუმინელია) 6-3, 7-5 დამარცხდა.

ოთხივე ფინალი სხვადასხვა მეტოქესთან წააგო და ყველა ორ სეტში. რაც დიდ ჩოგბურთში დაბრუნდა (2018 წელს), სერენას წლევანდელ სეზონამდე ერთი ტიტულიც არ ჰქონდა მოგებული. ამ სეზონის დასაწყისში, ოკლენდის ერთეულთა ტურნირი მოიგო და იმავე ტურნირზე, წყვილებში დანიელ კაროლინ ვოზნიაცკისთან ერთად გაიმარჯვა.

სერენს ავსტრალიის ღია და უიმბლდონი 7-7-ჯერ აქვს მოგებული, აშშ-ის ღია ექვსჯერ და საფრანგეთის ღია - სამჯერ. ფლეშინგ მედოუსზე მეშვიდე ტრიუმფისთვის მას კარგი შანსი აქვს - კორონავირუსის პანდემიის გამო, ნიუ იორკში რამდენიმე ტოპ ჩოგბურთელი არ ჩავიდა. მათ შორისაა ავსტრალიის ღიას მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი, უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ჰალეპი და აშშ-ის ღიას მოქმედი ჩემპიონი ანდრეესკუ.

რა თქმა უნდა, შვილის გაჩენის და ემბოლიის შემდეგ, რამაც მის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, დიდი სლემის ოთხი ფინალი, 38 წლის სერენასთვისაც მიღწევაა. მაგრამ მისთვის ეს საკმარისი არაა. კორტის მიღწევა შედარებითია, რადგან იმ დროს, კორტებიც უფრო მომცრო ზომის იყო და თან, დიდი სლემის ტურნირებზე, ტოპ ჩოგბურთელები ყოველთვის არ თამაშობდნენ. სხვათა შორის, კორტს დიდი სლემის 24 ტიტულიდან 11 შინ, ავსტრალიის ღია პირველობაზე აქვს მოპოვებული.

სერენას ამ 24-ე ტიტულის გარეშეც, ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად თვლიან, მაგრამ ის ერთიც რომ ვერ მოიგოს, დიდი სპორტიდან გულნაკლული წავა. თუმცა აშშ-ის წლევანდელი ღიაც ხომ შეიძლება ბოლო შანსი სულაც არ იყოს...

0.146493