ფეხბურთი

17:16 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტაფარელი: „მარადონას ცქერა, განსაკუთრებულ ბედნიერებას მანიჭებდა“

54 წლის კლაუდიო ტაფარელი, ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული მეკარე, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ფიფას პრესსამსახურს საინტერესო კითხვებზე პასუხობს. მეკარეებზე, მარადონაზე, მესიზე, ნეიმარზე, „გალათასარიზე“ და ჰაჯიზე.

ის ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი გვახენდება ხოლმე, თითქოს ჩვენიანიაო. ალბათ, იმიტომ, რომ 1985 წელს, 21 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც საბჭოთა კავშირში ჩატარდა, ის ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების კარს იცავდა. მისი ჯგუფი თბილისში თამაშობდა და კარგად გვახსოვს ქერათმიანი მკვირცხლი ბიჭი, რომელსაც მთელი მაშინდელი თითქმის სავსე „დინამოს“ სტადიონი უკრავდა ხოლმე ტაშს. ბრაზილიელები მაშინ ჩემპიონები გახდნენ.

აი, ინტერვიუც.

ფიფა: ბავშვობაში ფრენბურთს თამაშობდით წარმატებით. ფეხბურთში როგორ მოხვდით?

ტაფარელი: დიახ, ფრენბურთი სპორტის პირველი სახეობა იყო, როლითაც დავკავდი. კარგად ვთამაშობდი და ძალიან მიყვარდა. ფეხბურთით კი მეგობრებთან ერთად უქმეებზე ვიქცევდი თავს. ფრენბურთი რომ პროფესიულ დონეზე მეთამაშა, ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ ფეხბურთელობა უფრო რეალური იყო, რადგან 182 სმ. სიმაღლის პატრონი, ფრენბურთში დიდს ვერაფერს მივაღწევდი (იცინის).

ფეხბურთის თამაში სერიოზულად კი ძალიან გვიან, 18 წლისამ დავიწყე. „ინტერნასიონალში“ ვისინჯებოდი და მივხვდი, ძალიან ბევრი მქონდა სასწავლი. საბედნიეროდ იქ ჩინებული მეკარეების მწვთნელი, პარაგვაელი ბენიტესი დამხვდა. მან მასწავლა ყველაფერი.

მჯერა, რომ ფრენბურთის გამოცდილება დიდად დამეხმარა საფეხბურთო კარიერაში: რეფლექსები, რეაქცია, კოორდინაცია, ეს ყველაფერი ფრენბურთის დამსახურებაა.

ფიფა: თქვენ პირველი უცხოელი მეკარე გახდით, ვინც იტალიის ტოპ-ლიგაში ითამაშა...

ტაფარელი: ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი, რადგან იტალია მეკარეების ქვეყანაა. მეორეც, მაშინ გუნდში მხოლოდ სამი უცხოელის ყოლა შეიძლებოდა და სამიდან ერთი მეკარის არჩევა, დიდი პატივი გახლდათ.

გუნდში კიდევ ორ შესანიშნავ ფეხბურთელთან შვედ ტომას ბროლინთან და ბელგიელ ჟორჟ გრიუნთან ერთად მოვხვდი. „პარმაში“ ყოფნას არაფერი სჯობდა, თავი სიზმარში მეგონა. მაგრამ მერე კოლუმბიელი ფაუსტინო ასპრილია მოიყვანეს და წასვლა მომიწია. ტინო შესანიშნავი შენაძენი იყო „პარმასთვის“ და ცუდი ჩემთვის.

ფიფა: მერე „გალათასარაის“ ღირსებასაც იცავდით. კლუბისთვის ისტორიულ პერიოდში მოგიწიათ ყოფნა. 2000 წლის უეფას თასის ფინლში „არსენალი“ აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ თქვენ მოუგეთ. რას გაიხსენებდით იმ მატჩიდან?

ტაფარელი: ყველა ეპიზოდი მახსოვს. შესანიშნავი გუნდი გვყავდა. გადასარევი მწვრთნელით (ფათიხ თერიმი - რედ). ყველა ფეხბურთელი ჩინებულად ირჯებოდა. უცხოელებიც შეუდარებლები იყვნენ. გეორგე ჰაჯის გარდა ჯიკა პოპესკუ და ბრაზილიელი კაპონეც ჩვენთან იყვნენ.

„არსენალი“ მაშინ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, მაგრამ ჩვენ ერთობ თავდაჯერებულნი გავედით მინდორზე. ცოტა მაინც რომ შეგვშინებოდა, ბერხკამპი, ანრი, პეტი, ვიეირა, ოვერმარსი და კანუ ნაწილებად დაგვშლიდნენ. მართლაც ძლიერი ზეწოლა იყო, მაგრამ თავს შესანიშნავად ვიცავდით. ყველაფერი პენალტებით დამთავრდა და მადლობა ღმერთს, გავიმარჯვეთ. ეს იყო ტრიუმფი, რომელიც „გალათასარაის“ ისტორიაში ოქროს ასოებთ ჩაიწერა.

ფიფა: ჰაჯი ახსენეთ. როგორი ფეხბურთელი იყო?

ტაფარელი: შესანიშნავი. ის მათლაც ღირსია იმისა, რომ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მოიხსენიონ. არასოდეს მინახავს ადამიანი ასე ზუსტად ურტყამდეს. მოედნის ხედვა და პასები ხომ ცალკე სალაპარაკოა. „გალათასარაიში“ მან მართლაც ლამაზი ისტორია დაწერა.

ფიფა: ახლახან გამართულ „ბაიერნი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიოთა ლიგის ფინალზე რას იტყოდით?

ტაფარელი: დღეისათვის ევროპის ორი უძლიერესი გუნდი გავიდა ფინალში. პსჟ კარგად იყო მომზადებული, მაგრამ „ბაიერნმა“ დამატებით სხვა შეუდარებელი თვისებები გამოავლინა, განწყობაც განსაკუთრებული ჰქონდათ. პარიზელებს ვქომაგობდი, რასგან იქ ბევრი ბრაზილიელი თამაშობს. ძალიან მინდოდა ნეიმარს მოეგო წლევანდელი ლიგა და საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. მაგრამ „ბაიერნმა“ მეტოქეს აჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ფიფა: რას ფიქრობთ ნეიმარზე?

ტაფარელი: დიდებული ფეხბურთელია. ძალიან ლამაზად თამაშობს და ფანტასტიკური გოლები გააქვს. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჯანმრთელობაც შეუწყობს ხელს და კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებაში დაგვეხმარება. სუპერვარსკვლავია.

ფიფა: ვინ არის დღეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე?

ტაფარელი: უდაოდ ალისონი. ფიფამ საუკეთესო მამაკაც მეკარედაც ხომ დაასახელა. მას განსაკუთრებული სამეკარეო ტექნიკა აქვს. სიმშვიდე, რომელიც პარტნიორებსაც გადაედებათ ხოლმე. ახლა მისი დროა.

შემდეგ ედერსონი, ტერ-შტეგენი, კურტუა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ობლაკი.

ფიფა: ვინ არის საუკეთესო მოთამაშე, მათგან ვინც ცხოვრებაში გინახავთ?

ტაფარელი: მარადონა. მისი დიდი ქომაგი ვარ. ერთი სიამოვნება იყო მისი თამაშის ცქერა. მერე როგორ იბრძოდა გუნდისთვის. პარტნიორებს ყოველთვის უყვარდათ მის სიახლოვეს ყოფნა. ტექნიკაზე აღარფერს ვამბობ.

ფიფა: ფიქრობთ, მესიზე უკეთესი იყო?

ტაფარელი: თუ მესის წინააღმდეგ რაიმეს იტყვი, ტყვიას დაგახლიან შუბლში. გეტყვიან: ნახე, რას აკეთებს „ბარსელონასთვის,“ მისი სტატისტიკა ფანტასტიკურია. ის ფენომენია. მაგრამ არ მიყვარს შედარებების კეთება. ორივე თავის ეპოქაში საუკეთესოა.

მესი და კრშტიანუ უკვე წლებია სხვა განზომილებაში არიან. ეს მათი ეპოქაა. ფეხბურთი გამუდმებით იცვლება, ამიტომ შედარება არ მიყვარს. თუმცა მარადონას ცქერა განსაკუთბულ ბედნიერებას მანიჭებდა.

0.124153