მსოფლიოს მდიდარი ქალი სპორტსმენების ათეულის პირველი ცხრა წევრი ჩოგბურთელია. აღნიშნული კვლევა აშშ-ს ბიზნესს ჟურნალმა Forbes-მა გაავრცელა. პირველ ადგილზე იაპონელი ნაომი ოსაკაა, რომელმაც 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის ივნისამდე 37.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აზიელი მცირედით უსწრებს ამერიკელ სერენა უილიამსს (36 მილიონი დოლარი). მესამე ადგილზე კი მსოფლიოს პირველი ნომერი ეშლი ბარტია 13.1 მილიონი დოლარით.
რეიტინგში ერთადერთი სხვა სპორტის წარმომადგენელი მეათე ადგილზე გავიდა - ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ფეხბურთელმა ალექს მორგანმა 4.6 მილიონი დოლარი დააგროვა, ხოლო აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი (4.2) ფეხბურთელმა რეკლამებიდან მიიღო. უილიამსმა და ოსაკამ 2015 წელს შარაპოვას მიერ შემოსავლის მიხედვით დამყარებული რეკორდი 29.7 მილიონი დოლარი გააუმჯობესეს.
ოსაკას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ აშშ-ს მოქალაქეობა დათმო, იაპონიის აირჩია და ტოკიოს ოლიმპიადაზე იაპონიის სახელით გამოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ნაომი ისეთი კომპანიების სახე გახდა როგორებიცაა Procter & Gamble, All Nippon Airways და Nissin. ოსაკამ რეკლამებიდან 34 მილიონი დოლარი მიიღო და მასზე მეტი გასულ წელს მხოლოდ როჯერ ფედერერმა გამოიმუშავა. საპრიზო თანხებით კი ნაომიმ 3.4 მილიონი დააგროვა.
მეორე ადგილზე მყოფი სერენა უილიამსი ისეთი კომპანიების სახეა, როგორებიცაა Nike, Gatorade, Procter & Gamble და Beats. სოციალურ ქსელში სერენას 40 მილიონამდე გულშემატკივარი ჰყავს და კომპანიებისთვის მასთან თამაშრომლობა მომგებიანია. რეკლამებიდან სერენამ 32 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო ტურნირებიდან მოგებული თანხების მიხედვით 4 მილიონი დოლარი დააგროვა.
მესამე ადგილზე ეშლი ბარტია 13.1 მილიონით, თუმცა თანხის უმეტესი ნაწილი, 10.1 მილიონი დოლარი ავსტრალიელმა საპრიზო თანხებიდან დააგროვა. 2019 წელს ბარტიმ საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო და 1976 წლის შემდეგ გახდა პირველი ავსტრალიელი, რომელიც რეიტინგს სათავეში ჩაუდგა. ბარტის სოლიდურ პონსორობას უწევს Fila და Head-ი. ასევე, ეშლი Rado-ს, Jaguar-ის, Vegemite-ს, Banana Boat-ის და Esmi-ს სახეა. რეკლამებიდან მსოფლიოს პირველმა ნომერმა სამი მილიონი დააგროვა.
მდიდარი ქალი სპორტსმენების რეიტინგში დანარჩენი ადგილები შემოსავლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
4.სიმონა ჰალეპი (ჩოგბურთი) - 10.9 მილიონი დოლარი
5.ბიანკა ანდრეესკუ (ჩოგბურთი) - 8.9
6.გარბინე მუგურუსა (ჩოგბურთი) - 6.6
7.ელინა სვიტოლინა (ჩოგბურთი) - 6.4
8.სოფია კენინი (ჩოგბურთი) - 5.8
9.ანჯელიკა კერბერი (ჩოგბურთი) - 5.3
10.ალექს მორგანი (ფეხბურთი) - 4.6