„დინამო თბილისის“ კაპიტანმა გიორგი პაპავამ ალბანურ „ტირანასთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, გაცნობიერებული აქვთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც „დინამოს“ სახელით თამაშს ახლავს.
„მეტოქე შევისწავლეთ და კონცეტრირებულები ვართ. ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რასაც „დინამოს“ სახელით თამაში ჰქვია და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. მცირე უპირატესოა გვაქვს იმ კუთხით, რომ ჩვენთან სეზონი მიმდინარეობს, მაგრამ დაპირისპირება ერთმატჩიანი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ.
ნიკა ნინუას რაც შეეხება, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, მას აქვს ნიჭი, რომ იქ თავი დაიმკვიდროს. სტანდარტულების შესრულების პლიუსიც გააჩნია და ამას თუ გამოიყენებს, უკეთესი იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, „დინამოში“ თამაშობ თუ პაოკ-ში, მაქსიმუმს თუ გააკეთებ, შანსს მოგცემენ. მინდა, რომ მას დიდი წარმატებები ვუსურვო“, - თქვა პაპავამ.
შეგახსენებთ, "დინამო თბილისი" - "ტირანას" მატჩი 19 აგვისტოს, 21:00 საათზე "დინამო არენაზე" უმაყურებლოდ გაიმართება. წყვილში გამარჯვებული კი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის "ცრვენა ზვეზდასა" და გიბრალტარის "ევროპას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.