ფეხბურთი

1:23 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

11 წლის "ლაიფციგი" ელიტალურ ოთხეულში!

11 წლის „ლაიფციგი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. ასეა, გერმანული კლუბი 2009 წელს დაარსდა და არნახულ წარმატებას მიაღწია. მიაღწია და თანაც როგორ...

იულიან ნაგელსმანის გუნდმა ბევრისთვის ფავორიტად შერაცხული მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ოთხეულშია! რედ ბულელებმა ესპანელები 90 წუთი დაჩაგრეს, მცირე მონაკვეთი იყო, როდესაც „ატლეტიკო“ გამოფხიზლდა, მაგრამ ეპიზოდურად, მერე ისევ დაიძინა.

პირველ ტაიმში გუნდები ერთმანეთს ზვერავდნენ, უფრო კონკრეტულად, „ლაიფციგი“ ზვერავდა მეტოქეს, თორემ „ატლეტიკოსგან“ ახალი არაფერი გვინახია, ელოდებოდა მეტოქის შეცდომას, კონტრშეტევას ან უბრალოდ გამართლებას, მაგრამ ამჯერად დიეგო სიმეონეს გუნდს არ გაუმართლა.

მეორე ტაიმის სტარტი და გერმანელთა გოლი ერთი იყო. ესპანელმა დანი ოლმომ თავით გაუტანა იან ობლაკს და ანგარიში გახსნა. მერე „ჩოლომ“ ჟოაო ფელიქსი ჩართო თამაშში და პორტუგალიელმა „ატლეტიკოს“ გაახსენა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იყო. სწორედ მან მოიპოვა პენალტი და მანვე გაიტანა, რითაც წონასწორობა აღადგინა. ავად თუ კარგად, მადრიდულ კლუბს მატჩი დამატებითი დროისკენ მიჰყვადა. მიჰყავდა, მაგრამ ვერ მიიყვანა.

88-ე წუთზე ანხელინოს პასით ტაილერ ადამსმა გამარჯვების გაიტანა. ამერიკელზე ცალკე უნდა ვთქვათ - სადებიუტო გოლი „ლაიფციგში“, ჩემპიონთა ლიგაზე და პირველი ამერიკელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიტანა.

იულიან ნაგელსმანი კი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია (33 წლის), რომელიც ნახევარფინალში იქნება... გერმანელის წვლილი უდიდესია პატარა „ლაიფციგის“ ისტორიის დაწერაში. ფინალამდე გერმანულ კლუბს ერთი წინაღობა დარჩა, თუმცა მეტად სოლიდური - 18 აგვისტოს, პსჟ.

„ლაიფციგი“ – „ატლეტიკო“ 2:1 (0:0)

ლისაბონი, „ჟოზე ალვალადე“

უმაყურებლოდ

„ლაიფციგი“ (3-3-3-1): გულაში; კლოსტერმანი, უპემეკანო, ჰალსტენბერგი; ლაიმერი (ადამსი 72), კამპლი, ანხელინო; ზაბიცერი (მუკიელე 90), დანი ოლმო (შიკი 83), ნკუნკუ (ჰაიდარა 83); პოულსენი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი; კოკე (ფელიპე 90), ერერა (ჟოაო ფელიქსი 58), საულ ნიგეზი, კარასკო; ლორენტე, დიეგო კოშტა (მორატა 72)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 დანი ოლმო (50), 1:1 ჟოაო ფელიქსი (71, პენ), 2:1 ადამსი (88)

გაფრთხილება: კლოსტერმანი (70), კამპლი(82), ჰაიდარა (87) - ლოდი (62)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 5 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

0.251962