„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ მაურიციო სარისა და კრიშტიანუ რონალდუს მომავლის შესახებ ისაუბრა. იტალიური გრანდის ხელმძღვანელმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი გუნდი „ლიონთან“ პაექრობაში ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
„თუ ადრე ოცნება გვქონდა, დღეს მიზანი გვაქვს და შესაბამისად „ლიონთან“ წაგება ჩვენთვის ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. ძალიან რთული სეზონი იყო, მაგრამ ისტორია დავწერეთ, რადგან ზედიზედ მეცხრე სკუდეტო მოვიგეთ, რაც იტალიურ ფეხბურთში უნიკალური მოვლენაა.
სარის მომავალი? რამდენიმე დღე უნდა ავიღოთ, ვიფიქროთ, სიტუაცია შევაფასოთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. რონალდუ? მესმის France Football-ის ჭორები, ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ კრიშტიანუ „იუვენტუსის“ საყრდენია და ჩვენთან დარჩება“, - თქვა ანიელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონში სკუდეტო მოიგო, კრიშტიანუ რონალდუმ კი ყველა ტურნირზე 37 გოლი გაიტანა, რაც ტურინელთა ისტორიაში საუკეთესო შედეგია.