ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების და "ვალენსიას" 20 წლის შემტევი ფერან ტორესი შესაძლოა უახლოეს მომავალში "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "ქალაქელები" "ღამურებთან" აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ და ფეხბურთელის დამატებასთან ახლოს არიან.
როგორც ინგლისურმა გამოცემამ გაარკვია, "ვალენსიამ" შესაძლოა ტრანსფერში 20.9 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღოს და ასევე შესაძლოა ბონუსებიც. ინგლისელებს ტორესი ლეროი სანეს შემცვლელად უნდათ.
ფერანი "ვალენსიას" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში ოფიციალურად 2018 წელს გადაიყვანეს. გასულ სეზონში ტორესმა 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანელის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა.