ფეხბურთი

1:44 | 23.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნანატრი ტიტული "ენფილდზე" და ბოლო ტურის ინტრიგა პრემიერლიგაში

პრემიერლიგაში XXXVII ტური ძალიან საინტერესოდ დასრულდა და ბოლო ტურში ძალიან ბევრი ინტრიგა დაგვიტოვა. ცხადია, ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლას ვგულისხმობთ, სადაც ორი ვაკანტური ადგილია და სამი მსურველი.

„ლესტერ სიტიმ“ პოზიციები მნიშვნელოვნად დათმო და ახლა გაცილებით უარეს ვითარებაშია, ვიდრე კონკურენტები, მაგრამ მაინც „მელიები“ მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვესტ ჰემს“ დაუხვდა, რომელმაც პრემიერლიგაში დარჩენის საკითხი უკვე გადაჭრა. თუმცა უმოტივაციო მეტოქეს მანკუნიანელებმა ბევრი ვერაფერი დააკლეს და მაიკლ ანტონიოს გოლით აგებდნენ კიდეც. მეორე ტაიმის სტარტზე მეისონ გრინვუდმა გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

საოცარი მატჩი ვიხილეთ „ენფილდ როუდზე“, სადაც ჩემპიონმა „ლივერპულმა“ „ჩელსისგან“ 3 გოლი გაუშვა, მაგრამ მაინც იმარჯვა, რადგან თავად 5 გაიტანა! დიახ, ირუგენ კლოპის ბიჭები შეტევაში საოცრებებს სჩადიოდნენ და შესვენებამდე ლონდონელები სამგზის დაამწუხრეს. საერთოდ თამაშის დაწყებიდან 1 საათის თავზე „ლივერპულის“ უპირატესობა სამბურთიანი იყო, მაგრამ ლონდონელებმა მდგომარეობა მაინც დაძაბეს, რადგან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ეს საკმარისი არ გამოდგა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა წერტილი დასვა და „წითლებმა“ 5:3 იმარჯვეს. „ლივერპული“ ჩემპიონი რომ გახლავთ, ეს კარგა ხნის გარკვეულია. თუმცა, მაინც ისტორიული საღამო იყო "ენფილდზე", რადგან პირველად ბოლო 30 წელიწადში "ლივერპულმა" ინგლისის ჩემპიონის თასი ჩაიბარა... მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ფანების სტადიონზე დაშვება აკრძალულია, "ლივერპულის" ქომაგები "ენფილდს" გარეთ შეიკრიბნენ და ასე იზეიმეს ნანატრი ჩემპიონობა. ახლა კი ოთხეულისთვის ბრძოლაზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა:

ბოლო ტურის წინ „მანჩესტერსა“ და „ჩელსის“ 63-63 ქულა აქვთ, „ლესტერ სიტის“ – 62. სწორედ ეს გუნდები გაინაწილებენ ორ სასურველ ადგილს. 26 ივლისს, დასკვნით ტურში „ჩელსი“ „ვულვზის“ უმასპინძლებს, რომელიც თავის მხრივ მოტივირებულია, რადგან ევროპა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და ქულებს თუ დაკარგავს, დდი შანსია „ტოტენჰემმა“ გადაასწროს. აი, „ლესტერი“ და „მანჩესტერი“ კი ყველაფერს ერთმანეთში გაარკვევენ „მელიების“ მოედანზე. ორივე გუნდისთვის ყველაფერი მარტივად დგას: „ლესტერს“ გამარჯვება გაიყვანს ჩემპიონთა ლიგაზე, „მანჩესტერისთვის“ ფრეც საკმარისი იქნება. ვნახოთ, ფაქტია, პრემიერლიგაში მაგარი ბოლო ტური გველოდება.

„ლივერპული“ – „ჩელსი“ 5:3 (3:1)

გოლები: 1:0 კეიტა (23), 2:0 ალექსანდერ-არნოლდი (38), 3:0 ვეინალდუმი (43), 3:1 ჟირუ (45), 4:1 ფირმინო (55), 4:2 აბრაჰამი (61), 4:3 პულიშიჩი (73), 5:3 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (84)

„მანჩესტერი“ – „ვესტ ჰემი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ანტონიო (45, პენ), 1:1 გრინვუდი (51)

0.128512