„მილანის“ შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის გამოირჩევა მინდორს მიღმაც თავისი გამონათქვამებით. ცხადია, არც „იუვენტუსთან“ მოგებული (4:2) მატჩი ყოფილა გამონაკლისი.
შვედმა „როსონერის“ ქამ-ბექს სათავე პენალტით დაუდო და თამაშის შემდეგ განაცხადა, გუნდში თავიდანვე რომ ყოფილიყო, სკუდეტოს „მილანი“ მოიგებდა. ამასთან, ზლატანი მიიჩნევს, რომ „შავ-წითლებში“ ფეხბურთელიცაა, მწვრთნელიც და პრეზიდენტიც...
„მოხუცი ვარ, ეს არ არის საიდუმლო. ასაკი მხოლოდ ციფრია. კარგად ვვარჯიშობ, კარგად ვარ და ვცდილობ გუნდს ყველანაირად დავეხმარო. მწვრთნელი? არა, მე ვარ პრეზიდენტი, ფეხბურთელიც და მწვრთნელიც! მაგრამ ისინი მხოლოდ ფეხბურთელობაში მიხდიან ფულს და ეს უარყოფითი მხარეა (იღიმის - რედ).
ვფიქრობ, რომ მათ გაუმართლათ, რადგან აქ პირველივე დღიდან რომ ვყოფილიყავი (სეზონის სტარტიდან - რედ), სკუდეტოს ჩვენ მოვიგებდით“, - თქვა ზლატანმა.
შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანს“ იანვარში შეუერთდა და სერია A-ს 11 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.