როგორ გინდა ინტრიგის საბოლოო მოკვლაზე ისაუბრო, როცა სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ 8 ტურია დარჩენილი, მაგრამ ყველაფერი აქეთკენ მიდის. რომის „ლაციო“ კორონავირუსის პაუზის შემდეგ საკუთარ თავს არ გავს, „იუვენტუსი“ კი ნელ-ნელა ძალებს იკრებს.
XXX ტური ტურინში, დერბი დელა მოლეთი გაიხსნა, სადაც „იუვენტუსმა“ „ტორინოს“ უმასპინძლა და ალბათ არავის გაკვირვებია შავ-თეთრების ადვილი გამარჯვება - 4:1. თამაში თავიდანვე პაულო დიბალას ეფექტური გოლით დაიწყო, მერე ხუან კუადრადომაც მშვენიერი გოლი გაიტანა. ტაიმის ბოლოს ანდრეა ბელოტიმ პენალტით თითქოს სიტუაცია დაძაბა, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითი გამოდგა.
მეორე ტაიმში კრიშტიანუ რონალდუმ და კოფი ჯიჯიმ (ავტოგოლით) „იუვეს“ ადვილი გამარჯვება გააფორმეს. სხვათა შორის, რონალდუმ საჯარიმო დარტყმით გაიტანა... ეს გამოსარჩევია, რადგან ტურინულ კარიერაში პირველად მოხდა და არ იკითხავთ, მერამდენე ცდა გამოიყენა პორტუგალიელმა?! 43-ე! ასეა თუ ისე, „იუვე“ იტალიის თასის ფინალის შემდეგ აშკარად გამოფხიზლდა, მიჯრით ოთხი თამაში მოიგო, 13 გოლი გაიტანა (მხოლოდ 2 გაუშვა), თანაც ერთმანეთზე უკეთესები და თამაშის ხარისხიც უმჯობესდება. თავის მხრივ, პაულო დიბალაც მშვენიერ ფორმაშია, რომელმაც კარიერაში პირველად შეძლო სერია A-ს ზედიზედ 5 შეხვედრაში გოლის გატანა. და, რაღა თქმა უნდა, ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი, რომელმაც პაოლო მალდინის გადაასწრო და სერია A-ში სარეკორდო, 648-ე თამაში ჩაატარა, ამაზე მეტჯერ ამ დიდებულ ჩემპიონატში არასდროს არავის უთამაშია. „იუვეს“ მაისურზე დატანილი იყო სიმბოლური წარწერა: 648UFFON... „იუვენტუსმა“ 75 ქულას მოუყარა თავი და როგორც რამდენიმე საათის მერე გაირკვა, რომის „ლაციოს“ უკვე 7 ქულით გაუსწრო. მომდევნო ტურში კი „მილანს“ ესტუმრება, თანაც სერიოზული დანაკლისით, რადგან პაულო დიბალა და მატიას დე ლიხტი დისკვალიფიცირებულნი არიან. 7-ქულიანი უპირატესობა საკმაოდ დიდია, მითუფრო, როდესაც მას „იუვე“ ფლობს, მაგრამ ვნახოთ, „ლაციოსთან“ მატჩის წინაა ზუსტად ორ კვირაში, ტურინში.
იქამდე, „ლაციო“ საკუთარ თავს არ გავს და პანდემიის შემდეგ მეორედ წააგო. თუმცა, თუ „ატალანტასთან“ სიმონე ინძაგის გუნდმა ფეხბურთი ითამაშა, „მილანთან“ იგივეს ვერ ვიტყვით. როგორც ჩანს, ჩირო იმმობილეს დანაკლისი (დისკვალიფიკაცია) „არწივებს“ მეტისმეტად შეეტყოთ. ცხადია, არ უნდა გამოგვრჩეს „მილანის“ ჩინებული ფორმაც, რომელიც მართლაც კარგად ათამაშდა ბოლო დროს და „სტადიო ოლიმპიკოზე“ მიმდინარე სეზონში ალბათ საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა. ჰაკან ჩალჰანოღლუმ ლამაზი გოლით გახსნა ანგარიში, რასაც მალევე ზლატან იბრაჰიმოვიჩის პენალტი მოჰყვა. სხვათა შორის, შვედს სერია A-ში ბოლო 14 თერთმეტმეტრიანი ზუსტად აქვს შესრულებული, „ლაციომდე“ კი 2012 წლის მაისში „ინტერთან“ გაიტანა პენალტით. „მილანმა“ 46 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ალბათ ვეღარ, მაგრამ ევროპა ლიგის ზონაში მოხვედრა სეზონის ბოლოს ძალზე რეალური ამოცანაა. „ლაციოს“ რაც შეეხება, 7 ქულას აგებს, მაგრამ ყურები არ უნდა ჩამოყაროს, ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს.
„იუვენტუსი“ – „ტორინო“ 4:1 (2:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
უმაყურებლოდ
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, დანილო; ბენტანკური, პიანიჩი (მატუიდი 49), რაბიო; ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 56), დიბალა (იგუაინი 80), რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„ტორინო“ (3-4-2-1): სირიგუ; იცო, ლიანკო, ბრემერი (კოფი ჯიჯი 84); დე სილვესტრი (ედერა 80), ლუკიჩი, მეიტე, აინა (ანსალდი 84); ვერდი (მილიკო 68), ბერენგერი; ბელოტი
მწვრთნელი: მორენო ლონგო
გოლები: 1:0 დიბალა (3), 2:0 კუადრადო (29), 2:1 ბელოტი (45, პენ), 3:1 რონალდუ (61), 4:1კოფი ჯიჯი (87)
გაფრთხილება: ბონუჩი (26), პიანიჩი (46), დე ლიხტი (45), დიბალა (70) - იცო (58), აინა (60)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 12 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: ფაბიო მარესკა
„სასუოლო“ – „ლეჩე“ 4:2 (1:1)
გოლები: 1:0 კაპუტო (5), 1:1 ლუჩიონი (27), 2:1 ბერარდი (63, პენ), 2:2 მანკოსუ (67, პენ), 3:2 ბოგა (78), 4:2 მულდური (83)
„ლაციო“ – „მილანი“ 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (23), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (34, პენ), 0:3 რებიჩი (59)