მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა ლა ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა. ესპანელმა ფეხბურთელმა „სოსიედადთან“ მატჩში თერთმეტმეტრიანი შეასრულა და ეს მისთვის 69-ე გოლი აღმოჩნდა. ამ შედეგით კი კატალონიის „ბარსელონას“ ლეგენდარულ მცველ, რონალდ კუმანს გადაასწრო.
შეგახსენებთ, რომ რამოსმა მიმდინარე სეზონში „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი მიითვალა. უშუალოდ შეხვედრა კი ზინედინ ზიდანის გაწვრთნილმა გუნდმა 2:1 მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე განთავსდა. აღსანიშნავია ისიც, რომ „რეალის“ მსგავსად „ბარსელონასაც“ 65 ქულა აქვს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო პირველ საფეხურზე მადრიდელები იმყოფებიან.