რაგბი

15:22 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოჩა სვანიძე: „რეგიონებში განვითარების ამოუწურავი რესურსი გვაქვს“

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონებში რაგბის განვითარების ამოუწურავი რესურსი აქვს და ეს უნდა გახდეს ჩვენი ნაკრებების განვითარების წინაპირობა.

ამის შესახებ მან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ისაუბრა:

„მიმაჩნია, რომ რეგიონებში რაგბის განვითარების ამოუწურავი რესურსი გვაქვს და ეს უნდა გახდეს ახალი სისხლი, რომელიც კიდევ უფრო გაგვაძლიერებს და ამოუცნობს გაგვხდის ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის. ყოველთვის ვამბობდი, რომ რაგბი, ისევე, როგორც ნებისმიერი თამაში, არის ერის კულტურის ნაწილი, ხოლო ქართული კულტურა ძალიან მრავალფეროვანია. საქართველოს ყველა რეგიონს თავისი სპეციფიკა აქვს. კახეთი, გურია, სამეგრელო, მესხეთ-ჯავახეთი, სვანეთი, ნებისმიერი რეგიონი აბსოლიტურად განსხვავდება ერთმანეთისგან აზროვნებით, ტრადიციით, გნებავთ სიარულის მანერით და დინამიკით. აქედან გამომდინარე, რეგიონებში რაგბის განვითარება არის ის მომავალი, რომლის გარეშეც დიდ წარმატებებს ვერ მივაღწევთ“.

„სამეგრელოში რაგბის განვითარებას უკვე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ზუგდიდში „ქართუ“ გეგმავს მოედნის მშენებლობას და პროცესი ალბათ წელსვე დაიწყება. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს პროექტი შემჭიდროვებულ ვადებში, დაახლოებით წელიწადნახევარში დასრულდება. ყველასათვის კარგად ნაცნობი ენთუზიასტი, პროექტს „რაგბი აქაურობას“ იდეის წამომწყები, უკვე ჩაუდგა სათავეში საქართველოს რაგბის კავშირის აფხაზეთის ფილიალს, ზუგდიდში ჩამოაყალიბა ბავშვთა გუნდი და დარწმუნებული ვარ, სამეგრელო სულ მალე ქართული რაგბის გამდიდრების ერთ-ერთი დიდი წყარო გახდება“.

„მინდა ხაზი გავუსვა ზესტაფონის კლუბს, რომლის ხმებზეც ძალიან ბევრს საუბრობენ. იქ უკვე 300-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს და ყავს გუნდი მეორე ლიგაში, რომელიც ჯერ დიდი სპორტული შედეგებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ წარმატებები ერთ დღეში არ მოდის. დარწმუნებული ვარ ზესტაფონი გახდება დიდი რეგიონალური ცენტრი, რადგან ესაა მჭიდროდ დასახლებული რეგიონი. იქვე ხარაგაულისა და ბაღდათის რაიონები. ხარაგაულის მერთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ელოდებიან ჩვენს ინიციატივას, რათა სარგებლობისთის გადმოგვეცეს იქ არსებული მოედანი. ისინი მზად არიან გამოყონ ფინანსები და ხელი შეუწყონ ბავშვთა რაგბის განვითარებას“.

„ასევე ავღნიშნავ დედოფლისწყაროს, რომელიც საზღვრისპირა რეგიონია და მეტი ყურადღება ჭირდება. იქ რაგბის განვითარებაზე სოსო შიოლაშვილი ზრუნავს, რომელიც დიდი პატრიოტია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ მოედნის მოწყობასა და სხვა პრობლემების მოგვარებაში, რათა არ ჩაქრეს და უფრო გაღვივდეს უკვე არსებული კერა“.

0.118945