მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ტელეკომპანია DAZN-თან სეზონის განახლების შესახებ ისაუბრა. გერმანელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ მის გუნდს ესპანეთის ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს, მაგრამ ამისთვის სტაბილურად თამაშია საჭირო.
„ცხადია დახურულ კარს მიღმა თამაში განსხვავებულია, მაგრამ ახალ რეალობასთან ადაპტირება მოგვიწევს. შეგვიძლია სწორი ინტენსივობის პოვნა, თუნდაც მატჩები სავარჯიშო გარემოში გაიმართოს. მზად უნდა ვიყოთ.
ზიდანი? არსებობს მექანიზმები, რომლებიც მხოლოდ მისია, ვარჯიშის ან თამაშის მომზადება. ეს ყველაფერი იგივე დარჩა, რაც მანამდე იყო, რადგან წარსულში მათ წარმატებამდე მიგვიყვანეს.
ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ცუდი სეზონი არაა. ყოველშემთხვევაში უკეთესია, ვიდრე ადრე. ახლა ვმუშაობთ სტაბილურად კარგად თამაშისთვის, „ბეტისთან“ წაგებამ (8 მარტს, 1:2 - რედ) ეს პრობლემა ხელახლა გააჩინა. თუ სტაბილურად ვითამაშებთ, ტიტულის მოგების შესანიშნავი შესაძლებლობა გვექნება. თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით, სეზონი წარმატებულად ვერ ჩაითვლება“, - განაცხადა კროოსმა.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „ბარსელონას“ 2 ქულით ჩამორჩება და სეზონს 14 ივნისს, „ეიბარს“ უმასპინძლებს.