ესპანეთის ლიგა ენდესას ვებგვერდზე სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვა დაიწყო, რომელიც ოთხშაბათამდე, 17 ივნისამდე გაგრძელდება.
შეფასებისთვის ოთხი ძირითადი კრიტერიუმია - გამოკითხვაში მონაწილეობას მოთამაშეები, მწვრთნელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები მიიღებენ. თითოეულის ხმა საერთო შედეგის 25%-ს წარმოადგენს.
ნომინანტთა შორის ორი ქართველია - გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია. ხმის მიცემა შესაძლებელია ტვიტერის მეშვეობით და ამისთვის საჭიროა ტვიტერში დაწეროთ: #MVP Movistar Twitter Tornike Shengelia ან Giorgi Shermadini.
უფრო მარტივი გზაა მოცემულ ბმულზე გადასვლა, რომელიც ავტომატურად ტვიტერზე გადაგიყვანთ და იქ მხოლოდ გაზიარების ღილაკზე თითის დაჭერა იქნება საჭირო.
აქვე გეტყვით, რომ შენგელია 2019-2020 წლების სეზონში ლიგა ენდესას 23 მატჩში საშუალოდ 33 წუთში 16.6 ქულას, 6.3 მოხსნას, 2.7 პასს, 1.4 ჩაჭრასა და 0.3 დაფარებას აგროვებდა, ხოლო შერმადინმა 22 მატჩში საშუალოდ 26 წუთში 18.3 ქულა, 7.1 მოხსნა, 1.5 პასი, 0.6 ჩაჭრა და 0.5 დაფარება მიითვალა.
ცნობისთვის, ლიგა ენდესას გათამაშება 17 ივნისს განახლდება. განახლებული ფორმატის ტურნირში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ, ორ-ორი საუკეთესო კი ჯგუფიდან გავა და ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ.