„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი დავიდ სილვა შესაძლოა ყატარში გადაბარგდეს. ესპანური მედიის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელს „ალ-დუჰაილი“ იწვევს და სარფიან კონტრაქტსაც სთავაზობს, რომლის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
„ალ-დუჰაილში“ უკვე თამაშობენ ცნობილი ფეხბურთელები, მარიო მანჯუკიჩი და მეჰდი ბენატია, ახლა კი ესპანეთის ნაკრების ყოფილი გამთამაშებლის გაფორმებაც სურთ.
სილვას „სიტისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და გადაწყვეტილია, რომ კლუბს დატოვებს. თუმცა, ჯერჯერობით დაზუსტებული არაა სად გააგრძელებს კარიერას ვეტერანი ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, დავიდ სილვა „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას 2010 წლიდან იცავს და დღემდე ჩატარებულ 423 შეხვედრაში 73 გოლი გაიტანა.