ფეხბურთი

1:53 | 2.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ გიგაურს რუსეთის პრემიერლიგის გუნდი იწვევს

მერაბ გიგაურს „გაბალასთან“ კონტრაქტი ამოწურა და თავისუფალი აგენტია. როგორც 27 წლის ქართველი ნახევარმცველის მენეჯერმა მიხეილ ხუციშვილმა აზერბაიჯანულ გამოცემა Sport24.az-ს უთხრა, ჩვენებურს რამდენიმე წინადადება აქვს.

მათ შორის, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან და რუსეთის პრემიერლიგის ერთი გუნდიდან. თუმცა, კონკრეტულად კლუბების სახელები ხუციშვილს არ გაუჟღერებია.

„მერაბის ხელშეკრულება „გაბალასთან“ 31 მაისს ამოიწურა, უკვე თავისუფალი აგენტია. ვესაუბრე მას მომავალზე. იგივე სიტუაცია მქონდა გიორგი პაპუნაშვილთან, რომელმაც „რასინგთან“ მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება.

მერაბს აზერბაიჯანში 2-3 ვარიანტი აქვს, გამოგვიგზავნეს წინადადება კონტრაქტის გაფორმების შესახებ. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. მას სურს, რომ ითამაშოს ისეთ გუნდში, რომელიც აზერბაიჯანში ტიტულებისთვის იბრძოლებს და ევროტურნირებზე იასპარეზებს. თუმცა, შეგვიძლია „გაბალაში“ 2 თვე დარჩენა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას შესთავაზებს კლუბი. არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ უნდა იყოს გარანტია, მაგალითად, თუ ფეხბურთელი დაშავდება, მკურნალობის ხარჯებს ვინ დაფარავს იმ 2 თვეში? კიდევ ერთი ნიუანსია, მერაბი ბაქოში ბინას ქირაობდა. მოკლედ, არსებობს მატერიალური მოთხოვნები, რომელთა მოგვარება საჭიროა. მთავარი ისაა, რომ ჩემს კლიენტს უნდა ეს ორი თვე „გაბალაში“ ითამაშოს.

„გაბალას“ ჯერ არაფერი შემოუთავაზებია, აზერბაიჯანში 2-3 რეალური ვარიანტი გვაქვს. უცხოეთზე არაფერს ვამბობ, ძალიან სერიოზული წინადადება არსებობს ბელარუსიიდან. კლუბის სახელს არ დავასახელებ, მაგრამ სამეულშია. ასევე გვაქვს რუსეთის პრემიერლიგის ერთი გუნდის ვარიანტი. დიახ, მათ დამირეკეს, ნახეს მერაბის თამაში, მოეწონათ და მითხრეს, რომ დაინტერესებულნი არიან. უბრალოდ, იქ კორონავირუსის სერიოზული პრობლემაა, განსხვავებით საქართველოსგან და აზერბაიჯანისგან. ბოდიში გუნდის დასახელება არ შემიძლია, მთავარია ინტერესი არსებობს. ეს კარგი სეზონის შედეგია, სადაც მან თითქმის ყველა მატჩში 90 წუთი ითამაშა. აგრეთვე, არაა ასაკოვანი ფეხბურთელი, მხოლოდ 27 წლისაა, გარდა ამისა, პროფესიონალია, კარანტინის წესებს ემორჩილებოდა და სახლში იყო“, - ციტირებს ხუციშვილის სიტყვებს აზერბაიჯანული გამოცემა.

შეგახსენებთ, მერაბ გიგაური „გაბალას“ ერთი წლის წინ შეუერთდა და ამ პერიოდში 22 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

0.10447