მოსკოვის „ლოკომოტივის“ აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან გაშვებას დიდ შეცდომად თვლის.
გამოცდილი რუსი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ის მოსკოვური გუნდის მომავალი იყო და ვინც მისი გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო, „ლოკოს“ დიდი ზიანი მიაყენეს.
„აბსოლუტურად აღმაშფოთებელი შემთხვევა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით. ის „ლოკომოტივის“ მომავალი იყო! ვფიქრობდი, რომ კლუბს ალექსეი მირანჩუკი დატოვებდა და ხვიჩა მის ადგილს დაუყოვნებლივ დაიკავებდა. 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ იჯარას გამოვისყიდიდით. ვფიქრობ, ადამიანებმა, რომლებმაც მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს, „ლოკომოტივს“ დიდი ზიანი მიაყენეს, როგორც სპორტულად, ისე ფინანსურად. ჩვენ დავკარგეთ იაფი ფეხბურთელი, რომელიც ალექსეის უმტკივნეულოდ შეცვლიდა და მნიშვნელოვნად გაძვირდებოდა“, - თქვა სიომინმა Sport-express-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ლოკომოტივის“ ღირსებას 2019 წლის ზამთრიდან ზაფხულამდე იცავდა და 10 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, თავისი ამჟამინდელი გუნდის, „რუბინის“ კარში.
ცნობისთვის, სიომინს კვარაცხელიას შენარჩუნება სურდა და მისი „ლოკომოტივში“ დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. თუმცა, ბოლო მომენტში შეთანხმება ვერ შედგა და „რკინიგზელების“ ნაცვლად ჩვენებურის კარიერა ყაზანის „რუბინში“ გაგრძელდა.