მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ალფონს დევისი საფეხბურთო სამყაროში ელვისებურად შემოიჭრა და „რეკორდმაისტერის“ არათუ ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა, არამედ ერთ-ერთი უპირობო ლიდერი.
„დორტმუნდთან“ უპრინციპულეს შეხვედრაში კანადელმა მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა და მაშინ, როდესაც ყველა ჯოშუა კიმიხის ფანტასტიკურ გოლზე ამახვილეს ყურადღებას, დევისმა უდიდესი წვლილი დაიდო გამარჯვებაში.
32-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა, კიდევ ერთმა განმაცვიფრებელმა ტალანტმა ხელსაყრელ პოზიციაში მოიხელთა ბურთი და მანუელ ნოიერს კარზე დამუქრება სცადა, მაგრამ მასთან უმალვე დევისი გაჩნდა და ბურთი ისე დაატოვებინა, თითქოს ასე ნაქები ჰოლანდი მოედანზე საერთოდ არ იმყოფებოდა.
როგორც ცნობილი გახდა, ამ მომენტში ალფონსის სიჩქარემ 35.3 კმ/სთ დააფიქსირა და „ინტერის“ ბელგიელი ვარსკვლავის, რომელუ ლუკაკუს ყურადღებაც მიიპყრო, რომელიც ტვიტერში გამოეხმაურა ამ მომენტს.
ცნობისთვის ბუნდესლიგის რეკორდი სიჩქარეში აჩრაფ ჰაკიმს ეკუთვნის 36.52 კმ/სთ, მაგრამ სწორედ ჰაკიმს დევისმა „დორტმუნდთან“ მატჩში გასაქანი არ მისცა. ერთი რამ ცხადია - ფეხბურთს ახალი გენიოსი ჰყავს.